დამთავრდა დრო, როცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ ოთახში მიიღებოდა გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ტყუილია განცხადებები, თითქოს მას პარტიის რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარეებთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონდა.
„63 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა არჩევნები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მხარს უჭერდნენ არა ლევან ხაბეიშვილს, არამედ სხვა კანდიდატს და რაღაცნაირად ეს ვერ გადალახეს. ცხადია, მე გული მწყდება თითოეულ მათგანზე. თქვენ, მედიამ კარგად იცით, 19 აპრილს რომ ბრიფინგი ჩავატარე, ვთქვი, რომ 30 აპრილამდე ნებისმიერ წინადადებას მივიღებდი. ჩემო ძვირფასებო, ასეთი წინადადება არ არსებობს. თუ რაიმე წინადადება არსებობდა ან მაგალითად, არჩევნები არ უნდოდათ, ხომ შეიძლებოდა ეს წერილობით შემოეტანათ. ტყუილია განცხადება, ჩვენთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონდაო. სანამ არჩევნებს ჩავატარებდით, ყველა თავმჯდომარეს შევხდი, მათ შორის ხობის თავმჯდომარე წყალტუბოში იყო წარმოდგენილი. პირდაპირ გეტყვით, რომ როცა არჩევნებზე ვსაუბრობდი, მას არავითარი პრეტენზია არ დაუსახელებია, რომ არჩევნები არ უნდოდა ან რაიმე მსგავსი. 30 აპრილამდე, ყველას ჰქონდა დრო წერილობით წარმოედგინა პარტიაში მისი ხედვა ან შენიშვნა არჩევნებთან დაკავშირებით. უბრალოდ, ყველა უნდა შეეგუოს, რომ ოთახში ასეთი ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება. დამთავრდა დრო, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ ოთახში მიიღებოდა გადაწყვეტილებები. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება მათ შორის თავმჯდომარეების არჩევას, ადგილზე ექნება ჩვენს ამომრჩეველს. ამაზე უფრო დემოკრატიული არ მოუგონია არავის არაფერი. თუ რაიმე იცით უფრო დემოკრატიული, ვიდრე არჩევნებია, მითხარით“,-განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, რომ არ ყოფილიყო კითხვის ნიშნები, თითქოს ვინმე თანამდებობაზე უსაფუძვლოდ დაინიშნა, ამიტომ გამოცხადდა არჩევნები.
„ყველა რაიონში არის თავმჯდომარე წარმოდგენილი და დღეს რომ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები ტარდება, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მოქმედ თავმჯდომარეს კონკურენტი არ ჰყავს და სადაც ჰყავს, იქ არჩევნები ჩატარდება. 6 მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და პლუს ამას, ყველა წარმოდგენილი კანდიდატი უნდა დაამტკიცოს ჩვენმა მხარდამჭერებმა“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.