ჯოსუა ტუისოვამ ტრაგედიის შესახებ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყო
მან სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა და პორტუგალიასთან შეხვედრისთვის ემზადება
ფიჯის სარაგბო ნაკრების ვარსკვლავმა ჯოსუა ტუისოვამ საქართველოსთან მატჩში მონაწილეობა იმ დიდი ტრაგედიის მიუხედავად მიიღო, რომელიც მის ოჯახს თავს სწორედ თამაშის დღეს დაატყდა. 29 წლის ფიჯელმა მორაგბემ შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყო, რომ მისი 7 წლის ვაჟი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ცხადია, ტუისოვას უფლება მიეცა სასწრაფო წესით შინ დაბრუნებულიყო (მისი შვილი ფიჯის ქალაქ ლაუტოკას კლინიკაში მკურნალობდა), თუმცა, მან ეროვნულ გუნდში დარჩენა არჩია და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მისმა გუნდმა ქართველების დამარცხება მოახერხა.
ტუისოვამ გაჭირვებით მოგებულ მატჩში (17:12) მოედანზე 80 წუთი გაატარა და ბოლოსკენ ყვითელი ბარათიც მიიღო, მანამდე კი, მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ცნობილი მორაგბის ვაჟის დაკრძალვა სწორედ დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა, ტუისოვა არც მას დასწრებია და სურს სრულად კონცენტრირებული იყოს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი დასკვნით მატჩზე.
შეგახსენებთ, რომ “მფრინავი ფიჯელები” 8 ოქტომბერს პორტუგალიას ეთამაშებიან და თუნდაც ქულის აღების შემთხვევაში, მეოთხედფინალურ ეტაპზე ისტორიაში მესამედ ითამაშებენ.