პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სავალდებულო გადახდას ეხება, მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს კანონპროექტებს: „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
კანონპროექტები შემუშავდა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ” ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის , ასევე, „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე” ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმისა და მათთან დაკავშირებული დათქმებისა და დეკლარაციის საფუძველზე.
კონვენცია აფუძნებს ეფექტიან და ხელმისაწვდომ საერთაშორისო მექანიზმს ბავშვისა და ოჯახის რჩენის საკითხთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხასიათის სამართლებრივ დავებზე. კონვენციის მიზანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და ოჯახის წევრების რჩენის მიზნით ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.
კომიტეტს კანონპროექტთა პაკეტი მუხლობრივად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა.
მისი თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ალტერნატიული მოსაზრებები არ გამოთქმულა.