„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის მომენტი გადამწყვეტია და „ამით ბოროტმოქმედება გაფორმდება“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მომენტის შემდეგ ქართველ ხალხს ექნება ყველაფერი იმისთვის, რათა “სერიოზულად ვიფიქროთ, როგორ დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა”.
“გადამწყვეტი მომენტია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პარტნიორებს საჯაროდაც და როგორც ვიცი, არასაჯაროდაც, გაცხადებული აქვთ, რომ ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცავს ჩვენი დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების დასანქცირების. შეიძლება ახლა მათ უფრო მეტად “ქართული ოცნების”, სუს-ის ან ვიღაცის ეშინიათ, ამიტომ მზად არიან, საკუთარი თავის, ოჯახის წევრების და ქვეყნის ინტერესებიც ყველაფერს შესწირონ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ვხდებით სხვანაირი ქვეყანა – რომ წარმოიდგინოთ, რომ ჩვენი პარლამენტის ყველა წევრი სანქცირებულია და რუსეთში და ირანში დადიან და სხვაგან სიარული არ შეუძლიათ; ვიზალიბერალიზაცია დგება კითხვის ნიშნის ქვეშ…
წარმოიდგინეთ, რომ ამ აქტით ხდება ამ ქვეყნის მოსახლეობის და საკუთარი ოჯახის წევრების წინაშე ბოროტმოქმედების გაფორმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მიხარია, რომ ეს მომენტი დგება. ქართველ ხალხს გვექნება ყველაფერი იმისთვის, რათა გავიაზროთ, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ და სერიოზულად ვიფიქროთ, როგორ დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა, ვისიც არ უნდა იყოს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება იმას, რა გეგმა აქვს ოპოზიციას და დაესწრებიან თუ არა სამშაბათს, პლენარულ სხდომას, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტო უნდა განიხილონ, ხვიჩია ამბობს, რომ “გირჩი” სხდომას დაესწრება, თუმცა დანარჩენი ოპოზიციის გეგმებზე ინფორმაცია არ აქვს.
“ოპოზიცია ჩემზე გაბუტულია. ჯერ დაუმსახურებელ შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ, მერე ჩვენც არ დაგვიკლია, ოღონდ დამსახურებულად და ამის შემდეგ არ გვიზიარებენ გეგმებს. ამიტომ, ქათამს თავს რომ მოაჭრი და დადის, ისე მოძრაობენ. არავინ ჰყავთ ისეთი, ვინც ეტყოდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. საკუთარ თავს უქმნიან კომფორტულ გარემოს, რომელიც ბოლოს მთავრდება იმით, რომ აქციაზე “ფეისკონტროლი” არის ბაია პატარაია. ჩვენ ამ ხალხს ასეთ შეცდომებს არ ვაშვებინებთ. ეს რომ არ მოსწონთ, ამიტომ არ გვეძახიან და არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ სამშაბათს. მე იგივეს ვაპირებ, რასაც სხვადასხვა სამშაბათს ვაკეთებდი. თუ დაკვირვებიხართ, “გირჩი” ყოველთვის სრულყოფილად აფიქსირებს პოზიციას. სამშაბათ დღეს ჩვენ ამისთვის ვიყენებთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.