როგორ განვითარდება საქართველოში პოლიტიკური პროცესები, რა შედეგს მოიტანს ოპოზიციის პროტესტი, რა როლი უკავია ამ ყველაფერში სალომე ზურაბიშვილს და რა რეაქცია ექნება დასავლეთს საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე? – ამ თემებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
– ბატონო გია, ოპოზიციამ გუშინ გამართა საპროტესტო აქცია და აცხადებს, რომ არ ცნობს ამ არჩევნების შედეგებს, რადგან მიაჩნია, რომ გაყალბებულია, რა შედეგს მოიტანს მსგავსი აქციები?
– შედეგზე საუბარი წინასწარ ძნელია. თუმცა ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო მძაფრდება სიტუაცია. ის, რომ ეს არჩევნები იქნა გაყალბებული, ამის უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება. ასე რომ, ჩვენ ახლა ვართ კრიზისში და ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გამწვავდება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ახლა ყველაზე მთავარია, ჩვენს პარტნიორებს დავანახოთ გაყალბების მასშტაბი, რომ ეს ატარებდა სისტემურ ხასიათს, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა არჩევების შედეგები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი უბრალოდ კრიტიკული შეფასებებიდან გადავლენ ქმედებებზე, გაქარწყლდება ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტრიუკი იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაალაგებს ურთიერთობას ევროპასთან და ზოგადად – დასავლეთთან.
მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი პარტნიორებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ დაიბრუნებს ძალაუფლებას. იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულებები საკმარისი იქნება იმის სამტკიცებლად, რომ ხელისუფლებამ მოახდინა ძალაუფლების მიტაცება, ეს ნიშნავს – ხელისუფლებამ მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და ხალხი აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს. მათ ჩამოართმევს ხელისუფლებას და დროებით დაიბრუნებს ძალაუფლებას. ეს არის აბსოლუტურად კონსტიტუციური პროცესი და ამის შემდეგ ან რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ან რამე სხვა იქნება. თუმცა იმისთვის, რომ ამ წერტილამდე მივიდეთ, რაღაც გზა იქნება გასავლელი. არჩევნების გაყალბების დოკუმენტურად დადასტურება დასავლეთისთვის არის უმნიშვნელოვანესი. დასავლეთი ხომ არ არის რუსეთი, რომ უაპელაციოდ რაღაცას აკეთებდეს. დასავლეთი დიდი პასუხისმგებლობით უდგება ამ ყველაფერს. ის ითხოვს მტკიცებულებებს. ამ მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი შეგროვებულია და კიდევ გროვდება. დასავლეთის პოზიცია ამის შემდეგ თუ იქნება ცალსახა, ამას მოჰყვება უკვე ხელისუფლების გაფრთხილება და სასანქციო პოლიტიკა. დროებით შეიძლება შეჩერდეს უვიზო რეჟიმი და, ასევე, სხვა მკაცრი ნაბიჯები იქნას გადადგმული, რასაც უკვე მოჰყვება ის, რომ სისტემა დაიწყებს რყევას. ბიძინა
დგას სისტემაზე, სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც დაინახავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფრის გამკეთებელი არ არის და ისინი გადადგამენ ნაბიჯს. ამ სისტემაში მყოფ ადმიანებს ჰყავთ შვილები, მათაც უნდათ ევროპაში და სისტემაში რყევები რომ დაიწყება, ყველაფერი დამთავრებული იქნება. ბიძინას გამოეცლება საფუძველი და რა უნდა ქნას? – ერთადერთი გზა რჩება, რომ – დანებდეს.