დღეს, საღამოს ქალაქ ოზურგეთში აქცია ორ ადგილას გაიმართა.
აქცია ქალაქ თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაუგეგმავად მას შემდგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე აჩერებს.
„გურია ნიუსი“ სამოქალაქო აქტივისტს ოთარ რევიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, „რუსული ხელისუფლების“ ეს ნაბიჯი, რომელიც ირაკლი კობახიძის პირით იყო გადმოცემული, ქართველი ხალხის კიდევ ერთი შეურაცხყოფაა:
„რაიკომის წინ გვქონდა აქცია (საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობაზე) და ახლა ვაპირებთ შევუერთდეთ თბილისში გამართულ აქციას. ეს ქვეყანა არის ჩვენი და აქედან გამომდინარე არანაირად არ ვიქნებით რუსეთში. ჩვენი გზა ევროკავშირშია და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ“, _ გვითხრა ოთარ რევიშვილმა.