“მე და ოთარს [კორღალიძე] ამ სტადიონზე 47-დან 46 თამაში მოგებული გვაქვს, მაგრამ ასეთი სიხარული აქამდე არ განმიცდია” –ასე შეაფასა მერაბ ჟორდანიამ “გურიას” მიერ სასწაულად შემოტრიალებული თამაში ბოლო ტურში და დაადასტურა, რომ კლუბში ბრუნდება, _ წერს “გურია თუდეი”
გამოცემის ინფორმაციით, მერაბ ჟორდანია მადლობას უხდის ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, რომ „ძველ გუნდს“ „გურიაში“ დაბრუნების საშუალება მისცა: „ისეთი გუნდი იქნება, იმ ძველ „გურიას“ და ლანჩხუთს რომ ეკადრება. ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“ _ აღნიშნა ნამატჩევს კლუბის ლეგენდამ.
მისივე თქმით, თავისი შვილის, კახი ჟორდანიას მიერ დაწესებულ პრემიალურ თანხას თავადაც დაუმატებს: „ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს დაიმსახურეს. რა თქმა უნდა, გასტუმრებული იქნება ნარჩენი დავალიანებაც“.
რამდენიმე დღის წინ, „გურია თუდეიმ“ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბს კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს, პროცედურების დასრულებამდე კი მან მოგებულ თამაშებზე პრემიალური ჯილდო დააწესა.
დღეს, „გურიას“ „არაგველებთან“ მინიმუმ ქულა სჭირდებოდა, მესამე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. 0:2-დან და 2:4-დან ლანჩხუთელებმა ორჯერ მოახერხეს გათანაბრება, მეორე შემთხვევაში ეს 99-ე და 101-წუთებზე გუნდის კაპიტანმა თემურ შარაშენიძემ მოახერხა. მატჩი 4:4 დასრულდა და „გურია“ გაისად მესამე ლიგაში ითამაშებს, _ იუწყება “გურია თუდეი”.




































































