წარმოგიდგენთ ვიდეორგოლს, რომელიც ჩოხატაურში, სოფლების – ბუკისციხის, საყვავისტყის (დაბლაციხის თემი) საზღვარზე, მდინარე ორპირას ხეობაში გახორციელებული მცირე პროექტის შესახებ გიამბობთ. პროექტის მიზანი ტყის ეკოსისტემების მდგრადი მართვის ხელშეწყობაა.
საქართველოში ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას ჩვენი პარტნიორი ქვეყნები წლების განმავლობაში უჭერენ მხარს და ფინანსურადაც ეხმარებიან. ორი წლის წინ, 2023 წელს, ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე პროექტ ECO.Georgia-ს ინიციატივით, გამოცხადდა საპროექტო იდეების კონკურსი, რომელიც რვა სამიზნე მუნიციპალიტეტს, მათ შორის, მთელ გურიას მოიცავდა. ECO.Georgia საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის პროექტია, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ფინანსდება და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს მთავრობის მიერ ხორციელდება. პროექტში, საწყისი ეტაპიდანვე აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მუნიციპალური თვითმმართველობა.
სწორედ ამ კონკურსში გაიმარჯვა ახალგაზრდების ჯგუფის პროექტმა “ჩვენი ხე(ლ)ებით“! რომლის ფარგლებში, დონორების მცირე გრანტით, პაწია მდინარის _ ორპირას ტერიტორიაზე სტიქიური ნაგავსაყრელი მოწესრიგდა; ეკლა-ბარდებისგან გასუფთავდა ბილიკები, გზის ნაპირები; დაიდგა საგზაო რკინის ბორდიურები; მოეწყო საპიკნიკე, საცეცხლე ადგილები; ეკალ-ბარდებისგან გასუფთავდა საბანაო “ჭა“ ორ მცირე ჩანჩქერზე, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საყვარელი საბანაო ადგილია; პრაქტიკულად, თავიდან აშენდა თითქმის დანგრეული, დაზიანებული სახურავის გამო დამპალი, ცნობისმოყვარე ბავშვებისთვის საფრთხედ ქცეული საერთო სარგებლობის წისქვილი; ორივე ლოკაციაზე დაიდგა ბიოტუალეტები; შემოკავდება მავთულით ღობე, რომ ნარგავები პირუტყვისაგან იყოს დაცული. ამასთან, დაცვის მიზნით, დამონტაჟდა მზის პანელით აღჭურვილი ორი ვიდეოკამერა.
პროექტის მონაწილეების თქმით, ამ საინტერესო პროექტს გაგრძელება აუცილებლად ექნება _ ისინი მომავალ წელს, მოხალისეობრივ საწყისებზე, ხეების გაშენებას, მდინარის სათავისკენ საფეხმავლო ბილიკის გაჭრას, ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავენ და ყველას მოუწოდებენ შეუერთდნენ თავიანთი ხეებით და ხელებით!





























































