ქობულეთში იაპონელ ველომოგზაურს და ხელოვანს, ნაოია ტაბიბიტოს, ველოსიპედი და პირადი ნივთების ნაწილი მოპარეს. მისი თქმით, უკვე დაუკავშირდა პოლიციას და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
„ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა – ველოსიპედი მომპარეს, ერთადერთი და განუმეორებელი ველოსიპედი, სახელად RISE, რომლითაც ამომავალი მზის ქვეყნიდან მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ. დილით რომ გავიღვიძე, იქ, სადაც ჩემი ტრანსპორტი მეგულებოდა, აღარაფერი დამხვდა. ახლა მხოლოდ ლოცვა შემიძლია და იმედი მაქვს, რომ მისი პოვნა მოხერხდება“, – აცხადებს ტაბიბიტო, რომელიც „რაისით“ 2023 წლიდან მოგზაურობს.
იაპონელმა ხელოვანმა საზოგადოებას ინფორმაციის გაზიარებას სთხოვა. პარალელურად, სოციალურ ქსელებში არაერთმა ადამიანმა გამოთქვა თანხის შეგროვების სურვილი მოგზაურისთვის ახალი ველოსიპედის შესაძენად.





































































