„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ საპროტესტო პერფორმანსი მოაწყო. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მერიის წინ ბაყაყები მიიყვანა და იქვე დატოვა.
როგორც თათია ნიკოლაიშვილმა „გურია ნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული აქციით მან კიდევ ერთხელ გააპროტესტა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული გზები და მერიას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.
„არაერთხელ გავაჟღერე, რომ ქალაქის ტერიტორიაზე დიდი ხანია ორმოებია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ამ პრობლემას ვერ აგვარებს. რამდენიმე დღის წინ არსებულ ორმოებში თევზი გავუშვით და ამით კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ მამუკა მდინარაძის ნათესავ პაატა კუნჭულიას, დროულად დაიწყოს არსებული პრობლემების მოგვარება. ის ნაწილი, სადაც პრობლემა გავაჟღერეთ, ამ დროისთვის ამოვსებულია, თუმცა ბოლომდე ეს საკითხი მაინც არ არის მოგვარებული.
ეს ბაყაყები იმ ამოუვსებელი ორმოებიდანაა, რომლებიც წლებია შესაკეთებელია. იქნებ ბაყაყის ხმამ მაინც გამოაღვიძოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი“, — აცხადებს ნიკოლაიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გზების გარდა, მუნიციპალიტეტში არსებულ კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ქალაქს ამ ეტაპზე წყალი ეტაპობრივად (გრაფიკით) მიეწოდება, რაც მისი თქმით, დროულ რეაგირებას მოითხოვს.





































































