ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა პირველ ივნისს, სატელევიზიო გადაცემაში _ “მაესტრო რეგიონებში“, ტრადიციისამებრ, იმ დაგეგმილ თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლის გახორციელებაც მუნიციპალიტეტში იგეგმება.
აქცენტი ამჯერად საგზაო ინფრასტრუქტურაზე გაკეთდა და როგორც ალექსანდრე სარიშვილმა თქვა, ამ კუთხით საკითხი კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტისთვის.
“აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. პროექტები გამზადებული იყო წინა წელს, ფაქტობრივად, ხელშეკრულებები ყველა გაფორმებულია. ქალაქში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება.
მნიშვნელოვანი პროექტებია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სამი მილიონ 555 ათასი ლარის ღირებულების ერთიანი პროექტის ფარგლებში ქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე სანიაღრე არხები, გზის საფარი, ბორდიურები და ასე შემდეგ, მოეწყობა. ამავე პროექტით სოფელ ჩიბათში ორ უბანზე მოხდება გზის რეაბილიტაცია და ასფალტის შავი საფარის დაგება; სოფელ გვიმბალაურში მოხდება ერთ–ერთი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. ასევე, ნინოშვილში _ გზის რეაბილიტაცია; სოფელ ღრმაღელეში, სოფლების _ წყალწმინდისა და ომფარეთის მიმართულებით მოწესრიგდება გზა. გარდა ამისა, ჩოჩხათისა და ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გახორციელდება”, _ თქვა ლანჩხუთის მერმა და სხვა არაერთი პროექტიც ჩამოთვალა, რომლის გახორციელებაცაა დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
ლანჩხუთის მერიის გვერდზე გამოქვეყნებულ ამ ინტერვიუს გამოხმაურება მოჰყვა მოქალაქეთა მხრიდან და მერს ის პრობლემები შეახსენეს,რომელიც მათ რეალობაში არსებობს.
მარინა კოტრიკაძე: “ამ ტყუილებს რატომ აშუქებთ _ არაფერი კეთდება ჩიბათში. ეკლესიის გზაზე, რამდენი წელია, დაგებული უნდა იყოს საფარი. ორი მეტრი დააგეს და გაჩერდნენ. სირცხვილია, ნუღარ აცხადებთ!”
გიო ჟღენტი: “სუფსაში რა ხდება? ტაბანათში როდის დაიწყება გზის გაკეთება? თუ არის რაიმე სიახლე?”
მაია ბეჟანიშვილი: “ნიგვზიანში როდის გვაღირსებთ გაზს?”
ლიზა გავრილოვა–ზაზაშვილი: “გზა, ბატონო ალექსანდრე, გზა გვინდა! რა დააშავა ასეთი ჩემმა უბანმა, რომ არასოდეს გზა არ გვღირსებია? მამათში დავიბადე და სიბერეც აქ მომიწია, გამატარეთ, გთხოვთ, თუნდაც შელამაზებულ გზაზე. ავტობუსი ამოდის სოფლის ცენტრამდე და ისიც ხან არ არის. წარმოგიდგენიათ? ცენტრამდე 3 კილომეტრი ფეხით ამოვედი და უკან დავბრუნდი _ ავტობუსი არ იყო. აქაც უფრო მეტი დახმარება გვჭირდება. მაპატიეთ და… დიდი მადლობა თუ წაიკითხავთ.”
ლაშა ინგოროყვა: “გასაოცარი გზა და ხიდები გვაქვს, ხრეში დაყარეთ, სირცხვილია. “ტრასას” ხომ გვპირდებით წლებია და მაგ ბეტონის ლოდინში ხრეშიც აღარ მოგაქვთ. გაზსა და წყალზე ხომ ზედმეტია საუბარი. გზა, გზა, ბატონო ალექსანდრე! თქვენ პირადად ხართ მაგ გზაზე ნამყოფი ორი წლის წინ და უარეს დღეში ვართ.”
ნარი ჯაიანი: “სტადიონის მიმდებარედ, მგელაძის ქუჩაზე როდის დააგებთ, ფეხით გავლაც კი შეუძლებელია… გთხოვთ მოგვაქციეთ ყურადღება“.
ნაზი მაისურაძე: “გაზი და წყალი ხაჯალიელების ოცნებაა, ბატონო ალექსანდრე. წარმატებებს გისურვებთ!”
ირინა ვადაჭკორია:“ჭანჭათს როდის მიეხედება? საშინელი გზაა!”
ლუიზა სულაბერიძე: “გზა კარგი გაგვიკეთეთ მოედანში, მაგრამ ავტობუსი არ გვეღირსა, ლანჩხუთამდე რომ ვიმგზავროთ.”
მაყვალა ცინცაძე: “სადგურის მოედნის ორმოები თუ გაარემონტეთ, დაბომბილს რომ ჰგავდა?”
ჯა–ნა: “მისასალმებელია ეს ჩამონათვალი, კარგი იქნებოდა ახალსოფლის სკოლის ქუჩასაც მიქცეოდა დროული ყურადღება“.
სა–რე: “იქნებ, წყალიც გვაღირსოთ ღრმაღელეში… დასალევ წყალზე აღარაფერს ვამბობ, სარეცხი მანქანა რომ ჩაირთოს, მაგაზე მაინც ვიზრუნოთ. სამი წელია, ველოდებით! მდინარე სუფსის წყალი მოდის მგონი ონკანში. რით ვერ მოაბით თავი ამ პრობლემას?! რა დაუსრულებელი პროექტია, მეორედ მოსვლას უმთხვევთ აშკარად… დაიწყო ზაფხული!!!!! გაიღვიძეთ!”
მაიკო დუნდუა: “გაზი როდის ჩაირთვება ჯურუყვეთში და ეწერში, როდის? შიდა გზებს როდის მოხედავენ, არჩევნებზე?”
ავტორი































































