კურორტ ბახმაროში მიმდინარე წელს შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობის ახალი ეტაპი იწყება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაბის შიდა გზების რეაბილიტაცია, ორი საავტომობილო ხიდის მშენებლობა და მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები. გარდა ამისა, კურორტზე მოეწყობა ახალი მინი საფეხბურთო მოედანიც,_ ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2026 წლის სეზონზე დაიწყება და მისი დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება.
სამინისტროს ცნობით, კურორტზე არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, მხარის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.
































































