ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის გამო, უკვე ორი სასამართლოს პროცესი გაიმართა.
26 ივნისს, მერაბ დვალიშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ანრი გოგელია გაასამართლეს, _ ამის შესახებ ფეისბუქში ვიდეომიმართვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა.
ნიკოლაიშვილის თქმით, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ადამიანები წლებია, ელოდებიან საქმეების განხილვას და სხვადასხვა მიზეზის გამო, პროცესების დაწყება ვერ ხერხდება.
“ეს ყველაფერი, რაც ბოლო დროს ხდება ქვეყანაში, “კაგებეს” მეთოდებია და ემსახურება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას. არის საქმეები, რომელთა განხილვა 9-10 წელია არ დაწყებულა, სამაგიეროდ, ფეისბუქკომენტარებისთვის კარგავენ დროს.
ამჯერად, მერაბ დვალიშვილის ფეისბუქზე შეურაცხყოფისთვის ანრი გოგელიას სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა და ასე დასრულდა ეს ამბავი.
ასეთ აბსურდულ საქმეებზე უხდებათ მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოტანა, ამ დროს კი უამრავი ადამიანი ელოდება საქმეების განხილვას“, _ ამბობს თათია ნიკოლაიშვილი.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იყო ჩანიშნული პროცესი და შენიშვნა გამოეცხადა ანრი გოგელიას“, _ გვითხრეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.
ამ ამბიდან მესამე დღეს ფეისბუქზე შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
29 ივნისს მოსამართლე ია ბარამიძემ განიხილა ვასილ მაღლაფერიძისა და მოქალაქე თენგიზ ფუტკარაძის საქმე _ 11 ივნისს, თენგიზ ფუტკარაძემ ფეისბუქზე, შეურაცხმყოფელი სიტყვები დაწერა ვასილ მაღლაფერიძის მისამართით.
“ავღელდი, როდესაც ვნახე ის ვიდეოკადრები, სადაც ბავშვი წაიქცა სიმღერის დროს. ძალიან განვიცადე ამ ბავშვის უეცარი წაქცევა. ზოგადად, არ ვწერ მსგავს კომენტარებს ფეისბუქზე, არც არასდროს ვყოფილვარ სასამართლოში ბრალდებულის სკამზე“, _ თქვა თენგიზ ფუტკარაძემ, რომელსაც მოსამართლე ია ბარამიძემ აუხსნა, რომ სოციალურ ქსელში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ისჯება1500 ლარიდან 4000 ლარის ოდენობით თანხით ან 40 დღე პატიმრობით.
“ჩემი დაწერილია ეს კომენტარი. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი _ ნამდვილად არ მინდოდა ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. ბოდიშის დაწერაც შემიძლია წერილობით. იქნებ, გაითვალისწინოთ, რომ არ მაქვს იმის საშუალება, 1500 ან 4000 ლარი გადავიხადო“, _ თქვა ბრალდებულმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოქალაქე თენგიზ ფუტკარაძეს 1500 ლარის გადახდა დაეკისრა.
“ჩვენ, გაგვიგია ე.წ. “ბოლშევიკური ტროიკა“, ოღონდ გაგვიმართლა, რომ დახვრეტის მუხლი არ არსებობს დღეს ქვეყანაში. დღეს ადამიანები სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებისთვის ან გაკეთებული კომენტარებისთვის შეუძლიათ დააჯარიმონ, დააპატიმრონ. ეს ხდება მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტში ძალადობენ და არავინ ამ საკითხზე არ რეაგირებს; პოლიციელები ძალადობენ მოქალაქეებზე და რეაგირება აქაც ნულია. ასევე, არ დაგვავიწყდეს და ყოველ ჯერზე უნდა ვახსენოთ მზია ამაღლობელი _ მას შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელმა, სახეში შეაფურთხა, რის შემდეგ ანერვიულებულმა და შეურაცხყოფილმა ქალმა მოძალადეს სილა გააწნა. ამის გამო მზია ორწლიან სასჯელს იხდის. ახალისებენ და აწინაურებენ მოძალადეებს“, _ გვითხრა სამოქალაქო აქტივისტმა, დავით მჟავანაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას 2026 წლის 1 ივნისს შეუდგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2026 წლის პირველი ივნისიდან 15 ივნისამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა; შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი, დასრულდა შვიდი საქმე.
ავტორი



































































