1 ივლისს, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოზურგეთში სახელმწიფოს კონტრაქტორი ჩინური კომპანია აღებულ ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებს. ამასთან, მდინარაძის განცხადებით, ამავე კომპანიის მიერ შესრულებულ წინა პროექტთან დაკავშირებით სუს–ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიებაა დაწყებული.
“სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მთლად კეთილსინდისიერად არ ასრულებს თავის მოვალეობას. ამ კომპანიის მიმართ სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება.
მგონია, რომ მოუწევს ამ ჩინურ კომპანიასაც და სხვა ნებისმიერ კომპანიას ვალდებულებების პირნათლად შესრულება. სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი კომპანიები, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან შეეჩვია იმას, რომ ჯეროვნად არ შეასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებებს და შემდეგ ეს შერჩებოდათ ხოლმე. მე ვაძლევ გარანტიას ყველას, რომ არავის შერჩება არაკეთილსინდისიერად და, მით უმეტეს, და განსაკუთრებით დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები. თუ აკეთებ საქმეს, კეთილი ინებე და გააკეთე ისე, რომ ხარისხზე მერე მოსახლეობამ ვერ იწუწუნოს და სათქმელი არ ჰქონდეს არც ხელისუფლებასთან, არც კომპანიასთან; არც დისკომფორტის ფასად არ უნდა გადაადგილდებოდეს საკუთარ სახლებთან, საკუთარ რეგიონებში თუ საკუთარ ქალაქებში. ამიტომ ყველას მოუწევს თავისი ვალდებულებების შესრულება _ ამას უზრუნველყოფთ“, _ თქვა მამუკა მდინარაძემ.
ამ განცხადებიდან მეორე დღეს ჩინურმა კომპანიამ დვაბზუ-ნასაკირალის უღელტეხილზე ორი თვის წინ დაწყებული სამუშაოები გააგრძელა. როგორც “გურია ნიუსთან” ადგილობრივები ამბობენ, გაკვირვებულები არიან, რომ ისეთ ადგილებზე მოხდა გზის ხელახალი რეაბილიტაცია, სადაც ახალი სამუშაოების ჩატარება საჭირო არ იყო.
სტატიის მომზადების დროს სოფელ დვაბზუს მონაკვეთზე არსებული გადათხრილი ორმოები უკვე ასფალტით იყო ამოვსებული, თუმცა, რამდენად კარგად არის დაგებული გზის მონაკვეთი ხელმეორედ ჩინური კომპანიის მიერ, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
რაც შეეხება ნასაკირალის უღელტეხილის გზას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თათია ნიკოლაიშვილის თქმით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგის შემდეგ კი არ დაიწყეს ასფალტის დაგება, არამედ გზა ხელახლა გადათხარეს, რის შემდეგაც, როგორც იქნა, ორთვიანი სამუშაოები დაასრულეს და ასფალტი დააგეს.
“ნასაკირალის უღელტეხილის გზაზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად ხდება გადათხრა და შემდეგ ასფალტის დაგება. წელსაც ორი თვე დასჭირდა, გადათხრილი გზების ასფალტით შევსებას. არა ერთი ვიდეოს გამოქვეყნების და მედიის მიერ გაშუქების შედეგად, როგორც იქნა, ორთვიანი გზების გადათხრა დაასრულეს და ამოავსეს ასფალტით“, _ გვითხრა თათია ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, კორუფციული გარიგებები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის დროს ხდებოდა, ისევ გრძელდება:
“რამდენიმე დღის წინ გაახსენდა მამუკა მდინარაძეს ამ გზაზე არსებული პრობლემები და მოაწყო ბრიფინგი. ახლა გაიგო, რომ არაკეთილსინდისიერად მუშაობენ ჩვენს ქვეყანაში კომპანიები? სინამდვილეში ხდება ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დროს არსებული კორუფციული სქემები გადმოიბარა ახლა ირაკლი კობახიძემ. გველების და ბაყაყების ბუდედ არის ქცეული გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ის ადგილები, სადაც ახალი მშენებლობები უნდა დაწყებულიყო. კონკრეტულად საუბარი მაქვს სკოლის და ბაღის შენობების მშენებლობებზე“, _ გვითხრა ნიკოლაიშვილმა.
“კორუფცია და საქართველოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები არავის შერჩება _ ეს არაერთხელ დადასტურდა და 1 ივლისს შეგვახსენა ვიცე–პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე.
ნებისმიერ ჩავარდნილ პროექტზე, რომლის დამკვეთია საქართველოს სახელმწიფო და ჯეროვნად არ სრულდება, პასუხი იქნება მკაცრი გინდ ადგილობრივი, გინდ უცხოელი შემსრულებლების მიმართ.
ოზურგეთის იმ კონკრეტულ პროექტზე სუს–ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება უკვე დაწყებულია, ყველა გამოვლინდება და შესაბამისად დაისჯება“, _ წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე.
კომპანია, რომელმაც ნასაკირალის უღელტეხილზე მილიონობით ლარი დახარჯა, ერთხელ დაჯარიმებულია. 2022 წელს ამ კომპანიის შესახებ გზების დეპარტამენტმა შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა:
“გურიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 7 სხვადასხვა მონაკვეთზე, 62.4 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 58.5 მლნ. ლარია.
კომპანიამ, გარკვეული სახის სამუშაოები დაიწყო ცალკეულ მონაკვეთებზე, მაგრამ გეგმა–გრაფიკთან მიმართებით სამუშაოების ტემპი საკმაოდ დაბალია. დეპარტამენტმა, უკვე აამოქმედა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები კომპანიის მიმართ და სამუშაოების ტემპი თუ ვერ დაეწევა გეგმა–გრაფიკს, საჯარიმო სანქციების გარდა განიხილება ხელშეკრულების შეწყვეტაც.
გზების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, ჩინურმა კომპანიამ “China Road & Bridge Corporation”-მა გაიმარჯვა“.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ ნასაკირალის უღელტეხილსა და სოფელ დვაბზუში გადათხრილ გზებზე ასფალტი დააგეს. ჩვენთვის ისიც ხდება ცნობილი, რომ ეს კომპანია, ასევე, ქობულეთში, კონკრეტულად, სოფელ ლეღვაში ასრულებს მსგავს სამუშაოებს, მაგრამ ეს სამუშაოები იქ ისევ დაუმთავრებელი. მედიისთვის, ასევე, უცნობია, რა გახდა ახალი სამუშაოების ჩატარების მიზეზი იმ გზებზე, რომელსაც არ სჭირდებოდა რეაბილიტაცია.
ამ საკითხზე ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს.
ავტორი

































































