სტიქიას ებრძვიან თელავში.
წვიმის შედეგად ადიდებულმა ხევმა კალაპოტი გაარღვია, რამაც ქალაქის ინფრასტრუქტურის პარალიზება გამოიწვია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კავკასიონისა და ალაზნის გამზირები ყველაზე მეტად დაზარალდა.
წყალმა გადაფარა ქუჩები, დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, მოქალაქეები ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მაშველები ცდილობენ დატბორილი ობიექტებიდან მოქალაქეების გამოყვანას და ზარალის მინიმუმამდე შემცირებას. ადგილზე იმყოფება ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელობა.
მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და, შესაძლებლობის ფარგლებში, თავი შეიკავონ დატბორილ ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.





































































