ბატონი დავით საგანელიძე პროფესიით ექიმი ბრძანდება და, როგორც ამბობენ, თავის დროზე საკმაოდ წარმატებულიც. მოგვიანებით თეთრი ხალათი დეპუტატის სავარძელზე გაცვალა და ავადმყოფების მკურნალობის ნაცვლად გარკვეული პერიოდი საპარლამენტო ორომტრიალში ჩაება.
ბატონი დავითი ერთი პერიოდი მოსკოვში მუშაობდა და ეს ისტორიაც მაშინ შეემთხვა:
„მოსკოვში მუშაობა პირველ ონკოლოგიურ ცენტრში, ბლოხინის კლინიკაში დავიწყე. როგორც იქნა, დამიდგა ნანატრი დღე და ოპერაციის გაკეთების ბედნიერება მაღირსეს. ბუნებრივია, ავღელდი და სახლში მისვლისთანავე სამედიცინო ლიტერატურას ჩავუჯექი, რამე შეცდომა რომ არ მომსვლოდა. დილით ადრე უნდა წავიდე, ოპერაცია მაქვს და… საღამოს შვიდი კაცი არ დამეცა თავზე?! დღეს ყველა მათგანი ცნობილია — მერაბ კაკულია, ზაზა ნიშნიანიძე და სხვები. მოიტანეს საქართველოდან წამოღებული პროდუქტები, მაგარი მამაპაპური სუფრა გაშალეს და ყანწები მოიმარჯვეს.
— დავით, ოპერაციას ვის უკეთებ? — მომიარეს შორიდან. — ნიკულინია გვარად. ბიჭებო, დღეს არ დავლევ, არ მინდა სამსახურიდან გამაგდონ.
მეგობრები ქეიფს შეუდგნენ და მე საწოლს მივაშურე, რომ კარგად გამომეძინა. შუაღამემდე ვიწრიალე, ძლივს ჩამეძინა და უცებ ვგრძნობ, ვიღაც მაჯანჯღარებს და მაღვიძებს. წამოვდექი, შუქი ანთებულია და შეწუხებული სახეებით მიყურებენ:
— სიმღერა არ გამოგვდის, მეორე ხმა გვაკლია. ან შენით ადექი, ან ძალით აგაყენებთ! პატრონი მოკვდომია იმ ნიკულინს!
მოკლედ, სიმღერაში დამათენდა. საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მივედი სახლში და ისევ მომადგნენ არყის ბოთლებით ხელში:
— დავით, გვაპატიე, საქმე გაგიფუჭეთ, — ჩამოუშვეს ცხვირები, — აი, ნიკულინის შესანდობარი დავლიოთ. მაშინვე შემოგაკვდა თუ იწვალა საწყალმა? — არ მომკვდარა, გადარჩა! — დავუწყე დამშვიდება. — აბა, გადარჩენის დავლიოთ!
ორი დღის მერე მივედი სამსახურში, საშინელ „პახმელიაზე“ ვარ, თავი მისკდება. მთავარმა ექიმმა შემამჩნია და მეუბნება:
— წადი სახლში, წადი! შენ ვინ უნდა გადაარჩინო, აქეთ ხარ გადასარჩენი!“





































































