ბატონი თამაზ ნადარეიშვილი იგონებდა:
„70-იანი წლების დასაწყისში გაგრის კომკავშირულ სტრუქტურებში ვმუშაობდი. ქალაქში მთელი რიგი სანატორიუმები კომპარტიის ლიდერებისთვის იყო გათვალისწინებული და ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ საპატიო სტუმრები დასასვენებლად. ჩემი მოვალეობა მათი დახვედრა-გამასპინძლება იყო და მეც კეთილსინდისიერად ვასრულებდი დაკისრებულ საქმეს.
ერთხელაც დამავალეს: ამა და ამ სანატორიუმში სვერდლოვსკის პირველი მდივანი ისვენებს, ხილი და სასმელი მიუტანეო. ავიღე ორი ყუთი, ერთში ყველანაირი ხილი ჩავაწყვე, მეორეში — ნაირ-ნაირი საუკეთესო სასმელი და მივადექი. კარზე წარწერას შევხედე, მაინც ვინ არის ეს ბედნიერი-მეთქი და წავიკითხე: „ბორის ნიკოლაევიჩ ელცინ“. მე სახელი მაინტერესებდა, როგორ მიმემართა, თორემ გვარი ელცინი იქნებოდა თუ ტიმოფეევი, სულ ერთი იყო. დავრეკე ზარი და კარი მისმა მეუღლემ გამიღო:
— Что вы хотите? (რა გნებავთ?) — მეკითხება.
ამ დროს ელცინიც გამოჩნდა. ხილის ყუთს თვალი აარიდა და სასმელებს გაბრწყინებული სახით მიაჩერდა:
— Водка? (არაყია?) — Водка и коньяк, (არაყი და კონიაკი) — გავახარე. — Вот это да! — გადაირია, თავისი ხელით შეიტანა ყუთი და მეც შემიპატიჟა, რუსები მარტო არ სვამენო.
უარს როგორ ვეტყოდი. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს — მესამე და, კარგად რომ შეღამდა, ნახევარი ყუთი ცარიელი იყო. რა სადღეგრძელო აღარ დავლიეთ: ძმობის, მეგობრობის, ქართველი და რუსი ხალხის მარადიული სიყვარულის… რამდენჯერმე აცრემლებულმა გადამკოცნა, ქართველების სიკეთეს ცხოვრებაში არ დავივიწყებო. თურმე, ვისთან სვამ და რა ძმობაზე ელაპარაკები! გავიდა დრო და სწორედ ამ კაცმა არ დამაკარგვინა გაგრა და აფხაზეთი?!
მეორე დილას ძლივს ავდექი, თავი მისკდებოდა. ხელმძღვანელმა დამიბარა და ღიმილით მითხრა, რომ ახალი „საპატიო დავალება“ უნდა შემესრულებინა:
— ცოტა ხნის წინ ელცინმა დამირეკა, ძალიან კმაყოფილი ვარ და, სანამ აქ ვიქნები, ეგ კაცი არ მომაშოროთ გვერდიდანო“.





































































