ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს დისტანციურად მოუსმენენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატით წარიმართება და მასში მონაწილეობას დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგასთან ერთად მიიღებს. სწორედ დღეიდან იწყება მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვარშავაში.
მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართულ სამომავლო გეგმებს, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაერთიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იმავე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესს, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ასევე განიხილავენ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, საქართველოს მნიშვნელოვან როლს გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, ნატოს მისიებში მონაწილეობის გზით.