თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვირას განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება მის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს, თუმცა ქვეყანა ბლოკის წევრობაზე კარს არ ხურავს.
„ევროკავშირი ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის“, — განუცხადა ერდოღანმა ტელეკომპანია Al Jazeera-ს. მისი თქმით, თურქეთს გაწევრიანებაზე კარი არ დაუხურავს, თუმცა ეს საკითხი პირველხარისხოვანი აღარ არის.
მისივე შეფასებით, ევროკავშირი წაგებული დარჩება, თუ თურქეთის უარყოფას გააგრძელებს.
თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი 1999 წლიდან არის. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა ამჟამად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების კუთხით არსებული უწყვეტი უკუსვლის გამო.






































































