“ქართველი კომპოზიტორის ნატალია თოთიბაძის “ტანგო ერთისთვის“ ულამაზესია. ვფიქრობ, ამ კომპოზიციის ჩემს სოლო პროგრამაში შევიტან და შევასრულებ ადგილობრივ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ჩემი თბილისში გასტროლის დროს”, – განაცხადა მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებულმა მუსიკოსმა რიშარ გალიანომ, რომელიც მალე, თბილისში სოლო კონცერტს სახელწოდებით, PASSION GALLIANO გამართავს.
კომპოზიცია პანდემიის დროს დაიწერა და რიშარ გალიანოს, მისმა ქართველმა აგენტმა ანი ლაღიძემ სამუშაო ვერსია გაუგზავნა.
ნატალია თოთიბაძე არაერთი წელია, რაც მუსიკალურ ასპარეზზე გამოვიდა, წერს მუსიკას როგორც კლასიკურ ჟანრში, ასევე არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორია, ასევე წერს მუსიკას კინოსა და თეატრისთვის.
– მთავარი ამბავი ის არის, რომ თავდაპირველად “ტანგო ერთისთვის” ნაწარმოებად თუ ჩამოყალიბდებოდა, ვერც ვიფიქრებდი. უბრალოდ, ტექნიკურ სამუშაოს ვასრულებდი ერთ-ერთი პროგრამისთვის, სხვადასხვა ინსტრუმენტი მოვსინჯე და აკორდეონს ასე გადავაწყდი, რომლისთვისაც რაღაც პარტია გავაკეთე. ამან ჩელოს და სხვადასხვა ინსტრუმენტის ჩართვაც მოითხოვა. ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედი ამ ნაწარმოებამდე. მაშინ ამ ყველაფრისთვის დიდი დრო მქონდა, პანდემიის პერიოდი იყო, ფაქტობრივად, ყველა სახლში ვიყავით გამოკეტილი. ჩემი სტუდიური მოწყობილობა სახლში გადავიტანე და ჩემს ოთახში ვმუშაობდი. მოკლედ, ამ ნეგატიურ პერიოდს ჩემთვის სასიამოვნო შედეგები მოჰყვა. არა მარტო ამ “ტანგოს“ სახით… პანდემიის დროს მუსიკასთან ურთიერთობისთვის დიდი დრო მომეცა…
თავიდან როგორც “ტანგო“ ასე არ იწერებოდა, მაგრამ მივიღე ის, რაც მივიღე. როდესაც კომპოზიციაზე მუშაობას ვასრულებ და რაღაც პერიოდის შემდეგ ვუსმენ, როგორც წესი, მინუსებს ვპოულობ და რაღაცები არ მომწონს ხოლმე, მაგრამ “ტანგოს“ შემთხვევაში არ დადგა ეს დღე, რომ მეთქვა, რაღაც არ მომწონს-მეთქი. მეტიც, მივხვდი, რომ შემიყვარდა ეს ნაწარმოები.
– დიდი წარმატებაა, როდესაც თქვენ ნაწარმოები ისეთი რანგის მუსიკოსს მოეწონა…
– ნამდვილად ასეა. საერთოდაც რომ არავის შეესრულებინა, უკვე მიყვარდა და ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია იყო, რაც კი აქამდე ზოგადად შემიქმნია. მასზე მუშაობა რომ დავასრულე, ჩემს მეგობარ ნატალია მინდიაშვილს მოვასმენინე, მან მითხრა, ანი ლაღიძეს მოვასმენინოთო. ანი გალიანოს წარმომადგენელია კავკასიის რეგიონში. მე თავად არ შემიძლია საკუთარი თავის წარდგენა. ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე. ის ჯანსაღი ამბიციაც კი არ მაქვს, რაც ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს. თუმცა ბოლო დროს მივხვდი, რომ ეს არასწორია…
ანიმ რომ მოუსმინა, გადაწყვიტა, ნაწარმოები, გალიანომდე მისულიყო. ეს ცოტა ზღაპარივით ამბავი მეგონა, ამიტომ ამ თემაზე არც მიფიქრია…
– ნაწარმოებს ჰქვია “ტანგო ერთისთვის“, რატომ?
– ამას სულ მეკითხებიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ტანგო ერთი ინდივიდისთვის არის. ეს უფრო ერთიანობის ტანგოა, ვიდრე ერთი ადამიანის, ამ ერთიანობაში იგულისხმება ადამიანი და მუსიკა, ადამიანი და ბედნიერების შეგრძნება. ეს იმიტომ, რომ მუსიკა არის ერთადერთი საშუალება, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერების იმ სიღრმეებში შეუძლია ჩააღწიოს, სადაც სხვას მოხვედრის არც უფლება და არც რესურსი აქვს. ჩემი “ტანგო“ არ არის სევდიანი, მიტოვებული და ცარიელი “ერთისთვის,“ ის სავსეა, მარტოობა შიშს არ ჰგვრის, პირიქით, ავსებს. მარტოობა ამ შემთხვევაში არის, როგორც კომფორტი, იმიტომ, რომ მუსიკასთან ერთად არის განმარტოებული. განმარტოების ტანგოა, ვიდრე მარტოობის…
– ახლა თავად მოგიწევთ გალიანოსთან ერთად სცენაზე ყოფნა…
– კი, კამერულ ორკესტრთან საფორტეპიანო პარტიას დავუკრავ, ნაწარმოები კამერული ორკესტრისა და აკორდეონისთვისაა შექმნილი. ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ჯერჯერობით ამ ყველაფერში საქმიანად ვარ ჩართული, იმედი მაქვს, რომ ამ ამბით დიდ სიამოვნებას მივიღებ…
– მართლაც დიდი ამბავია, ისეთი, რომ ნებისმიერი შემოქმედი ისურვებდა და იტრაბახებდა… მშვენიერი სიმღერების ავტორი ხართ. დიდი შემოქმედებითი სიხარული კიდევ რომელმა ნაწარმოებმა მოგიტანათ?
– “მონატრების ღამემ“, რომელსაც ანსამბლი “ალილო“ მღეროდა. მაშინაც ასე ბუნებრივად მოხდა ყველაფერი. სიმღერა ისე გაჰიტდა, რომ რადიო ჩარტების პირველ ადგილზე იყო. საქართველოში ნახევარზე მეტმა იცის ეს ნაწარმოები, მაგრამ ჩემმა ნაცნობებმაც კი არ იციან, რომ მისი ავტორი ვარ. ესეც ჩემი ბუნებიდან გამომდინარეა. რომ აღმოუჩენიათ ხშირად უკითხავთ, – უი, ეს სიმღერა შენიაო?..
– ესეც იმის გამოა ხომ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ…
– კი, ეს არის ჩემი დიდი მინუსი. როგორც ვთქვი, ბოლო დროს მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება. მინიმუმ შესაფასებლად მაინც მეტ მასშტაბზე უნდა გახვიდე. არადა, სულ მეგონა, რომ კულისში უნდა ვყოფილიყავი. მახსოვს, მუსიკალური სკოლის მეოთხე კლასელმა ნოტებზე გადავიტანე საფორტეპიანო პიესა, რომელიც თვითონ დავწერე და დედაჩემს ვაჩვენე. დედამ მითხრა – მოდი, ახლა გაკვეთილები იმეცადინე და ამას თავი დაანებეო. მოკლედ, სულ მეგონა, შეგრძნება მქონდა, რომ ჩრდილში უნდა ვყოფილიყავი… როგორც ჩანს, ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა და სულ ჩემთვის ვიყავი…
არადა, არ ვარ ის ტიპი, რომელსაც საკუთარი აზრის გამოთქმის ოდნავ მაინც ეშინია. ხშირად ვარ რაღაც ამბების ცენტრში, თუმცა როგორც კი ჩემს შემოქმედებაზე მიდგება საქმე, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვხდები.
სულ ვამბობ, როცა ადამიანს გაქვს ნიჭი, რესურსი და მას არ ეპყრობი ისე, როგორც ბუნებისგან ბოძებული შესაძალებლობა იმსახურებს, ეს დიდი შეცდომაა. სადღაც, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ინანებ, – ნეტავ, ასე ან ისე მექნაო. თუმცა ოქროს შუალედიც დასაცავია, – მოკლედ, ბეწვის ხიდია, მეტი არ მოგივიდეს და არც დააკლო. რთულია ეს გზა.
– მართლა საოცარი რამ არის მუსიკის ენა…
– ბედნიერების აღსაქმელად ცხოვრებაში აუცილებელი პირობა რაღაც ელემენტები და დეტალებია. ჩემთვის ბედნიერების აღქმაში მუსიკას დიდი როლი აქვს. მუსიკას შეუძლია სიღრმისეულად ჩასწვდეს ჩემს სულიერ მდგომარეობას…
– კიდევ რა ხდება ახლა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
– მაქვს ჩემი სივრცე, სადაც 3 წლის ასაკიდან, 40 წლის ადამიანებთან ვურთიერთობ. ამ სივრცეში ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ, მოიყვანონ თავიანთი შვილები, მყავს პედაგოგები, თვითონაც ვმუშაობ. ვმღერით, ვუსმენთ მუსიკას და ერთმანეთს. გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ერთმანეთის განვითარებაში ჩართულები ვართ. არის მსჯელობა, გემოვნებაზე მუშაობა. ჩვენს სივრცესთან ვინც ურთიერთობს, კარგად იცის, რას ნიშნავს ხარისხიანი მუსიკა. ეს არის ჩემი სამსახური და ყოველდღიურობა.
ამასთანავე, ახლა ვმუშაობ მიუზიკლზე, რომელიც ნახევრად საბავშვოა… არის შემეცნებითი, ოდნავ ფილოსოფიურ დეტალებსაც შეიცავს. საკმაოდ კარგი გუნდი მუშაობს, საინტერესო პროექტი გამოვა. სცენარი, ლიბრეტო, მუსიკა დაწერილია, მაგრამ მეტის თქმა ჯერ არ შემიძლია. ასეთი ამბებია ჩვენსკენ.
წყარო: ambebi.ge