საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრა დაიწყო.
კარლ ჰარცელსა და საქართველოში ამერიკის ელჩს პირველი “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხვდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერებთან ცალკ-ცალკე შეხვედრა დიპლომატიურ პრაქტიკაში აპრობირებული ფორმატია.
“მე ყოველთვის დიდი უხერხულობა მიპყრობს ასეთი შეხვედრების დროს, რადგან 30 წელია დამოუკიდებლები ვართ, ქაღალდზე მაინც და არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, არ ისწავლეს, არ უნდათ, რომ ერთი ხმა იყოს ერთი და 10 ხმა იყოს 10 და არა ათასი. მე ყოველთვის ბოდიშს ვუხდი ჩვენს უცხოელ მეგობრებსა და დიპლომატებს, როცა მათ ვაიძულებთ ასეთ საკითხებზე იმტვრიონ თავი. მე არ ვიცი ცალკ-ცალკე რატომ გვხვდებიან, ეს ალბათ, ელჩების გადასაწყვეტია, მაგრამ დიპლომატიურ პრაქტიკაში აპრობირებული ფორმატია ერთი ერთზე კონსულტაციებიც და ჯგუფური შეხვედრებიც. ხვალ არავითარი მეორე ტური არ უნდა ჩატარდეს. ამ მოლაპარაკებას ექნება შედეგი, რომ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ამათი ნასახი აღარ იქნება. უდიდეს პატივს ვცემ ელჩებს. ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. სიამოვნებას გვანიჭებს როცა ვთანხმდებით ხოლმე, მაგრამ ეს პარლამენტში შესვლა-არ შესვლა ისეთი საკითხია, არ არსებობს დედამიწაზე ძალა, რომელიც ქართულ ოპოზიციას გადააწყვეტინებს შევიდეს ამ ე.წ. პარლამენტში და ძალადობის, უზურპაციის პერსპექტივები დაუკანონოს პუტინის წარმომადგენელ რუს ოლიგარქს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება მმართველი გუნდის სავარაუდო განზრახვას არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მანდატის დათმობის შესახებ განცხადებების სავარაუდო არ მიღებასთან დაკავშირებით, ნათელაშვილის თქმით, კობახიძე კვლავ აგრძელებს თავისი კერპის უაზრო ვერსიების გაცნობას საზოგადოებისთვის.
“დედამიწის ისტორიაში სად გაგონილა, რომ ადამიანის უფლება რაცაა, ის არ განიხილო და არ დააკმაყოფილო?! მე მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, კობახიძეებს, მდინარაძეებს და სხვებს – დაანებეთ თავი სახლობანას და პარლამენტარობის თამაშს. პარლამენტი არ შედგება, თავზე გემხობათ ხელისუფლება და გაასწარით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ.
შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან, ყველა პარტიის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე გაიმართება.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხი 31 ოქტომბრის არჩევნები და მის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტირება იქნება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ფასილიტატორები არიან. რაც შეეხება თავად ოპოზიციურ სპექტრსა და „ქართულ ოცნებას“ შორის აუდიენციას, მესამე რაუნდი, რომელზეც ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებისგან კრიზისული სიტუაციიდან გონივრულ გამოსავალთან დაკავშირებით შეთავაზებას ელიან, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”