ეს სახალისო ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში ცნობილ კომპოზიტორ გურამ ბზვანელს შეემთხვა, რომელიც იმ პერიოდში ვერაზე ცხოვრობდა.
ერთ დღეს მისმა მეზობელმა, მხატვარმა გია სურგულაძემ, კახეთიდან ჩოჩორი ჩამოიყვანა, რომელიც რამდენიმე დღეში იმერეთში, ნათესავისთვის უნდა წაეყვანა საჩუქრად. მეოთხე სართულის აივანზე დაბინავებულმა უწყინარმა პირუტყვმა თავისი გაუთავებელი ყროყინით მთელი სახლი შეაწუხა. მეზობლებმა გამოსავალი იპოვეს — თბილისის ერთ-ერთ უბანში ეზოიანი ახლობელი მონახეს და ვირის ერთი კვირით დაბინავება სთხოვეს.
თუმცა, მთავარი პრობლემა ჩოჩორის ახალ მისამართზე ტრანსპორტირება აღმოჩნდა. ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თავად ბატონი გურამი ასე მოგვითხრობდა:
„“პობედა” კი გვყავდა, მაგრამ ყველანი ვირთან ერთად ვერ ჩავეტეოდით და საჭირო გახდა ტაქსის შოვნა. სამწუხაროდ, მძღოლების უმრავლესობამ, როგორც გიჟებს, ისე შემოგვხედა და პირუტყვის წაყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ბოლოს ერთი ღვთისნიერი ტაქსისტი გამოჩნდა:
— რაო, ჩოჩორიო? – ახარხარდა და რა ახარხარდა. — ჩოჩო, ხახა!!! გამოიყვანე ერთი, ოთხი წელია კახეთიდან წამოვედი, რამდენი ხანია, ვირი არ მინახავს. — თანახმა ხართ, ბატონო? — ოღონდ ერთი პირობით! — მოითქვა სული.
იმ პერიოდში თბილისელ ავტობუსისა და ტაქსის მძღოლებს ავალდებულებდნენ, რომ „გალსტუკები“ ეტარებინათ. ჩემი თაობის ხალხს ახსოვს შავი ჰალსტუხი, რომელიც რეზინაზე იყო და უკან იკვრებოდა.
— ხო, — მოიფიქრა ვირმონატრებულმა მძღოლმა, — „გალსტუკი“ უნდა შავაბათ ვირსა, ვირიც კარგი იქნება და წესიც აღარ დაირღვევა. ხოდა, ქალაქს წრე უნდა დავარტყათ, თითქოს ქორწილია, მოდის? — მოდის, მოდის! — თქვენი ფული არ მინდა, — მძიმე ხელისგული გლიჯა საჭეს, — „გალსტუკს“ შავაბამთ და „კრუგზე“ წავალთ!
ავიტაცეთ ჩოჩორი ხელში, ერთხელ კი დაიბოყინა და მოგვყვა ნებაზე. ჩავსვით ტაქსში, უკანა სავარძელზე. მძღოლმა ვირს ჰალსტუხი შეაბა კისერზე, ფანჯარა გაუღო და ისევ ახარხარდა. ვირს მეტი ჭკუა კი არ აქვს — ფანჯარაში თავი არ გაყო?!
დავიძარით. ვირის შვილი სახით ტროტუარის მხარესაა. გავედით პლეხანოვზე; დიდი და პატარა ჩვენ გვიყურებს. რა არ უნახავს მრავალჭირნახულ თბილისს, მაგრამ „ინტელიგენტი“ ჩოჩორი — არასოდეს!
ჯერ ერთი მანქანა ამოგვიდგა უკან, მერე მეორემ მიბაძა, მესამეც ჩადგა რიგში, მეოთხეც და აგერ უკვე 18-20 მანქანა მოგვყვება სიგნალების წრიპინით. გავიარეთ ყოფილი ბელადის მოედანი ამ უცნაური ესკორტით. ჩვენი მძღოლი კვდება სიცილით, ცრემლები სცვივა: „ვაა, ვირი რო მყავდეს, ამას რძლად წავიყვან, ჯოო!“
როგორც იქნა, მივაღწიეთ ბორჯომის ქუჩაზე. ვირს „საყელური“ შევხსენით და მძღოლს დავუბრუნეთ.
— ვაა, ამ ჯორის ნახმარ „გალსტუკს“ სუვენირად შავინახამ! – დაგვემშვიდობა და წავიდა.
ორი კვირის შემდეგ, ჩვენი კეკლუცი „პობედით“ ჩავაბრძანეთ ჩოჩორი სოფელში. ოღონდ, ამჯერად ჰალსტუხი აღარ გაგვიკეთებია — შავი სათვალე მოვარგეთ და ამერიკელი ტურისტივით ჩავაბრძანეთ იმერელ მასპინძელთან.“






































































