ერთხელ მსახიობ კოტე თოლორაიას საბჭოთა კომედიური ფილმის, “ბრილიანტის ხელის” ერთ-ერთი მთავარი გმირის მსგავსი თავგადასავალი შეემთხვა.
“ძალიან რომ არ გვიჭირდა იმ პერიოდში საგასტროლოდ რომში არ წავედით?! ჩავფრინდით. გადაღლილები ვართ. მიგვიყვანეს ჩვენთვის განკუთვნილ სასტუმროში.
გათენდა. წამოვხტი, ჩავიცვი ჩემი სპორტული კოსტიუმი და ჩავიპარე სასტუმროს ეზოში. ვიჯერე გული ვარჯიშით და მოულოდნელად ერთი გზასაცდენილი ქათამი არ დამეჩითა? გამომწვევად გამითამაშ-გამომითამაშა (იტალიელი დედლები საერთოდ ძალიან ეშმაკები არიან) და გაენთო. გაენთო და მივყევი ძუნძულით. უმატა სიჩქარეს, მეც მოვუმატე. მოკლედ, ისე გავყევი, რომ თავი დამავიწყდა. ის კი, შეძვრა სადღაც ნანგრევებში, მაგრამ მე საათს დავხედე. დავხედე და დავმშვიდდი, 40 წუთი კიდევ მაქვს სასტუმროში გამოცხადებამდე.
მოვბრუნდი უკან და გზა ამერია. ხან ერთ “ტუპიკში” შევძვერი, ხან – მეორეში. რა ვქნა ახლა?! იტალიური ორი სიტყვა არ ვიცი და მეგრული იმათმა არ იციან. გამომეცხადა პოლიციელი, ცოტა რუსული იცოდა იღბლად. გაპარჭყა ხელები და იტალიური მეგრულით მეკითხება, რაშია საქმე, რა გაგჭირვებიაო.
– დავიკარგე, მსახიობი ვარ, თეატრის.
– რომელ სასტუმროში ცხოვრობ მითხარი, შენც გეშველება და მეც.
კოშმარული სიზმარივით მახსოვდა, სასტუმროს რომელიღაც დასაკრავი ინსტრუმენტის სახელი ერქვა, მაგრამ მოიფიქრებ? ამოტივტივდა ჩემს დაბნეულ ტვინში ინსტრუმენტის სახელი, “აკორდეონი” – ვთქვი გაუბედავად.
იტალიელი პოლიციელი ღრმად ჩაფიქრდა, მერე რაციით დაუკავშირდა ვიღაცას, „მიო, მიო“ იძახა, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი მითხრა – მაგი სასტუმრო თქვენ თუ ჩამოიტანეთ არ ვიცი და ჩვენთან არაა, ბიძიაო!
ბოლოს და ბოლოს, დარეკა ჩვენს საელჩოში, “ტრუსიკ-მაიკიანი” კაცი გვყავს აგერ, დათხლაშუნობს აღმა-დაღმა და ვერ აგნებს, საიდან წამოვიდაო. ორი საათი ველოდი პასუხს და ბოლოს მანქანით მიმიყვანეს სასტუმროში.

































































