ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე 2025 წლის კომუნიკეში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.
“საქართველოსთან დაკავშირებით, 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში, ევროპის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ გზას და ფაქტობრივად შეაჩერა გაწევრიანების პროცესი. 2024 წლის დეკემბერში, ევროპის საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეეჩერებინა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. მას შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სწრაფი შეზღუდვით. ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და ფუნდამენტურ უფლებებს, დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას და ლგბტქ პირების მიზანში ამოღებას, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას სრული დაუსჯელად და ევროკავშირის წინააღმდეგ მტრულ რიტორიკას, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ქმედებებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი უკუსვლა დაფიქსირდა კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მოცემულ ცხრა ნაბიჯში, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტები გამოყენებული იქნა პარტიული მიზნებისთვის, რითაც შეირყა მათი მთლიანობა. ხელისუფლებამ არ გადადგა არანაირი ნაბიჯი მოქმედების კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად. ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად, წარმოადგენს დემოკრატიული პლურალიზმის წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმას”,_ წერია კომუნიკეში.
გარდა ამისა, კომუკნიკეში აღნიშნულია, რომ ბოლო წლის განმავლობაში, ფუნდამენტურ რეფორმებთან დაკავშირებული პროგრესი განსაკუთრებით აღინიშნა მონტენეგროში, ალბანეთში, მოლდოვასა და უკრაინაში. ამის საპირისპიროდ, საქართველოში ფუნდამენტური პრინციპები მკვეთრად დაირღვა.
ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები აღინიშნა პოლარიზაციის მაღალი დონითა და დემოკრატიული უკუქცევით, ამომრჩევლებზე დაშინების, იძულებისა და ზეწოლის შესახებ ცნობებით, რაც შეშფოთებას იწვევდა ხალხის თავისუფლად ფორმირებისა და ხმის მიცემის უნარის შესახებ შურისძიების შიშის გარეშე.



































































