სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მოძრაობა „გაბედეს“ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსი გიორგი გუგავა მივიდა.
მისი თქმით, სამართალდამცავებმა აქციაზე მოძრაობის 6 წევრი უკანონოდ დააკავეს, ივანიშვილმა კი სუს-ი პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია.
„ეს არის კლასიკური დიქტატურის გამოვლინება, როდესაც ახალგაზრდებს არ აცლიან სამართლიანი პროტესტის გამოთქმას. აკავებენ უკანონოდ, იყენებენ ბრუტარულ ძალას და სწორედ ის ჩაიდინა სუს-მა რის გამოც, აქ მოსული იყვნენ ახალგაზრდები. ეს ორგანო ივანიშვილმა პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია. ის უსაფრთხოებაზე ზრუნვით კი არ არის დაკავებული, არამედ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დასდევს, იჭერს, აპატიმრებს, უთვალთვალებს და ეს უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ვერ დაიჭერთ მთელ ქვეყანას. ვერ შეაჩერებთ ამ გულანთებული ახალგაზრდების მიზანს. 6 ახალგაზრდა ამ ორგანიზაციიდან სრულად უკანონოდ დააკავეს“,_ განაცხადა გუგავამ.
სუს-თან გამართულ აქციაზე მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას და კითხვაზე პასუხს ითხოვდნენ თუ რატომ აკავებენ ქვეყანაში ახალგაზრდებს, მათ მეგობრებს, მაშინ როდესაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორშია დაკავებული უკანონოდ.
მათ შენობის გვერდით მდებარე საავტომობილო შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება და სამართალდამცავების მხრიდან 2 ადამიანის დაკავება მოჰყვა.
მოძრაობის წევრების დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვა გადაწყვიტეს და ზებრაზე განლაგდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ გზის პარალიზების საშუალება არ მისცა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
როგორც კახა ბუხრაძემ სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სუს-თან დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან ასევე „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.