სამეგრელოში, ხობის რაიონში, ადგილობრივი პოლიციელი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებულები ხობელი ქალები არიან. რაიონში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველაფერი იცის, ამ ამბავზე რას ჰყვებიან დამოკიდებულია იმაზე, ვინ ლაპარაკობს.
2025 წლის აპრილის თვეში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ხობიდან საჩივარი შევიდა. ქალი ადგილობრივ პოლიციელს, დავით ჭითანავას, ადევნებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური – უწყება, რომელიც პოლიციელების დანაშაულებს იძიებდა – 2025 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდა. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის დანაშაულების გამოძიება პროკურატურას დაექვემდებარა.
30 წლის გათხოვილი ქალი საჩივარში წერდა, რომ დავით ჭითანავა მას ფეისბუკის ანონიმური ანგარიშის გამოყენებით დაუკავშირდა, ნამდვილ ვინაობას არ უმხელდა და შეხვედრას სთხოვდა.
„ფეისბუკის პროფილზე პოლიციის ფოტო ეყენა… იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. მიმოწერებიდან აშკარა გახდა, რომ სდევნიდა. იცოდა, სად გადაადგილდებოდა ქალი, რას და როდის აკეთებდა… კომუნიკაციის მცდელობა სამი თვე გრძელდებოდა, მეგობრობის თხოვნას უგზავნიდა… შეეშინდა და ქმართან შეთანხმებით მისი გამომჟღავნება გადაწყვიტა… შეხვედრაზე შეუთანხმდა და ამხილა“, – უყვება რადიო თავისუფლებას წყარო ხობის რაიონიდან, რომელიც იცნობს სისხლის სამართლის საქმეს და ულაპარაკია დაზარალებულ ქალებთან. მან ანონიმურად დარჩენა, დავით ჭითანავას გავლენების შიშით, გადაწყვიტა.
პოლიციელის ადვოკატის, სოსო ჯანაშიას ცნობით, დავით ჭითანავა ხობის პოლიციაში პატრულ-ინსპექტორად იყო დასაქმებული. ერთი თვის წინ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამ დროს მის წინააღმდეგ გამოძიება ერთ წელზე მეტი ხნის დაწყებული იყო.
სოსო ჯანაშია მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოლიციიდან წასვლის მიზეზად შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. დავით ჭითანავას ცოლი და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.


































































