ბატონი ჯემალ ღაღანიძე იგონებდა:
„იპოლიტე ხვიჩია წუწუნებდა ხოლმე: ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ! რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ თავს ვარიდებ იქ მისვლას, პროცესი რომ არ ჩავშალოო.
ერთხელაც, „ფეოლას“ გადაღებების დროს, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მოვიდა და იპოლიტეს სთხოვა: ბაბუა მომიკვდა და, ძალიან გთხოვთ, დამდეთ პატივი, მობრძანდით პანაშვიდზეო. მოკლედ, დაპატიჟა ბაბუის პანაშვიდზე. გამოგვიგზავნა მთელ გადამღებ ჯგუფს პატარა „პაზიკი“ ავტობუსი, ჩავსხედით და მივედით. იპოლიტემ უთხრა მძღოლს:
— თუ ძმა ხარ, მთლად კარებამდე ნუ მიგვიყვან, ცოტა შორს გააჩერე ავტობუსი, რომ გვირგვინით ხელში ფეხით გავიაროთ და, როგორც საჭიროა, ისე მივაგოთ ცხონებულს პატივიო.
მოკლედ, დაგვალაგა იპოლიტემ სიმაღლის მიხედვით. მერე ისე შემოგვაბრუნა, რომ დაბლები წინ წასულიყვნენ და, რასაკვირველია, წინ თავად მოექცა. შევედით ეზოში და ატყდა ფხუკუნი. ხალხი ხელს იშვერს იპოლიტესკენ და სიცილით იგუდებიან. არ შევიმჩნიეთ, დავიყენეთ სამგლოვიარო სახეები და ავუყევით კიბეს. შედგა თუ არა ოთახში იპოლიტემ ფეხი, იყვირა ჭირისუფალმა:
— დედა, ეს ვინ მოვიდა! იპოლიტე, შენ შემოგევლე… სევასტი, ადექი, ასე უნდა სტუმრის დახვედრა, შე უნამუსო? ის მაინც არ გახსოვს, „ბურთი და მოედანში“ ტრუსიკით რომ დარბის?!
ატყდა ხორხოცი. ერთი კი გავიფიქრე, ნეტა ხომ არ გვაშაყირებენ და სცენა ხომ არ დადგეს-მეთქი, მაგრამ მიცვალებული ისე იწვა, არ განძრეულა.
მერე ვშაყირობდით: ეს რა ჩაიდინე, იპოლიტე, ის მიცვალებული პატიოსნად იწვა და შენ რომ შეხვედი, გავხედეთ და არ იცინოდა? როგორ ჩაშალე პანაშვიდიო. ამის შემდეგ იპოლიტეს ფეხი პანაშვიდზე არ ყოფილა“.





































































