ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი, ეხმიანება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს მზია ამაღლობელის შესახებ. 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა.
„ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში.
გუშინდელი განცხადება იყო მორიგი აშკარა და უხეში დარღვევა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა. ამ უფლების პატივისცემა ევალება მოსამართლეს და პროკურორსაც კი, არათუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს.
მოცემულ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის კომენტარი არა მხოლოდ მისი უფლების დარღვევას ემსახურებოდა, არამედ ამავდროულად ემსახურებოდა მზია ამაღლობელის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნას“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატმა დეტალურად განიხილა კობახიძის ყველა შეფასება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
„მინდა კონკრეტულად ვუპასუხო მის ყოველ ფრაზას. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელმა „შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს“; „ის მოქმედებდა დავალებით, მისი დაკვეთა იყო შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელისადმი“ და „მისი დაკვეთა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა“.
ამ ფრაზებიდან მინდა დავუდასტურო ბატონ კობახიძეს, რომ მზიას ქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც შეურაცხყოფა.
ვრცლად: ბათუმელები