ოქონის მონასტერი გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, ოქონას მთაზე მდებარეობდა.
გადმოცემის თანახმად, ისტორიული მონასტერი დასავლეთ საქართველოს პატრიარქ მალაქია გურიელის-ის დროს აიგო. ის მოხსენიებული იყო მონასტრის კედლებზე. თუმცა, არქეოლოგიური კვალი მონასტერში მე-9 საუკუნიდან ჩანს. კედლებზე აგრეთვე ნაპოვნია ჭანუყვაძეების, ბერიძეების და ორატაძეების (ურატაძე) საგვარეულო წარწერები. ცნობილია ისიც, რომ გურიელის შემდგომ მონასტრის მართვა კობალაძეებმა გააგრძელეს.
ოქონის მამათა მონასტერი მოიცავდა მაცხოვრის სახელზე აგებულ ეკლესიასა და გალავანს. გალავანში სათოფურები იყო დატანებული. ეკლესიამდე გალავნიდან გრძელი ქვის კიბე მიდიოდა. ძველი ეკლესიის სიგრძე 6,4, სიგანე კი 3,5 მეტრი იყო. აგებული იყო ნაცრისფერი თლილი კვადრებით. საკურთხევლის მარჯვენა ნიშში იყო წარწერა, რომელიც გვამცნობდა, რომ ტაძრის ძვირფასი ნივთები ქრისტეფორე კობალაძემ მოაჭედინა. ტაძარი შიგნით მოხატული იყო.
ისტორიული წყაროები მოწმობს, 1873 წელს მიტოვებულ ბაზილიკაში წირვა-ლოცვა1897 წელს, ადგილობრივი მღვდლის, სილიბისტრო ჩხაიძის თაოსნობით აღადგინეს და ძველი შენობა საფუძვლიანად გადააკეთეს _ გააგუმბათიანეს. თუმცა, ზოგი ნახატი და წარწერა გაანადგურეს, რასაც ადგილობრივების საჯარო პროტესტი მოჰყვა.
ამავე დროს ხელახლა ააშენეს დასავლეთის მხარე და შეაკეთეს სხვა კედლები, ხოლო საკურთხევლის მხატვრობა ხელუხლებელი დატოვეს (აღსანიშნავია, რომ მსგავსი „რემონტი“ იმავე ხანებში ჩაუტარეს აკეთის დიდ ტაძარს ისე, რომ არანაირი კვალი ქართული კულტურისა შიგ არ დატოვეს. მაშინდელი მოძღვარი დიომიდე ჩხაიძე გაზეთ „კვალში“ გულმოკლული წერდა ამის შესახებ).
1897 წელს გარემონტებულმა ოქონას ეკლესიამ სულ 35 წელი იარსება და იგი 1932 წელს ააფეთქა საბჭოთა ხელისუფლებამ.
აფეთქების შემდეგ ძეგლი უკვე იმდენად იყო დაზიანებული, რომ მხოლოდ ფუნდამენტის დონეზე იკითხებოდა.
2005 წელს, ადგილობრივი ძალებით მისი გაწმენდა-გათხრები დაიწყო, რომლის დროსაც ღვთისმშობლის ფრესკა (ახლა ტაძარშია) და სახედრის თავის ქანდაკების ფრაგმენტი (ამჟამად ჭიშკრის ბოძზეა) იპოვეს, თუმცა ამის შემდეგ გატხრები აღარ გაგრძელებულა.
2010 წელს, ბიზნესმენ სოლომონ ჩხაიძის დაფინანსებით დაიწყო ძველ ნაეკლესიარზე ახალი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის მშენებლობა.
2016 წლის ზაფხულში აცანელებმა ოფიშტიის ხიდიდან გამოასვენეს უნიკალური, ოთხკუთხედი, გათლილი ქვა, რომელზეც იშვიათი ოსტატობით ამოკვეთილია: ჯვარი, ორი კედარი-სიცოცხლის ხე, მზის სხივები და სავარაუდოდ მაშინდელი ქტიტორის (ალბათ გურიელ-ცაიშელის) გერბი.
გამოყენებულია ვიკიპედიას მასალები