საზაფხულო სეზონის შემობრძანებას, თითქოს, მუხლი მოუყარეს და მერე კონცერტის ზღაპრული ფერებით მოჩითული „კაბა-კონცერტიც“ მოარგეს, საბავშვო საესტრადო სტუდია „კიდობანის“ აღსაზრდელებმა.

მათი საზეიმო კონცერტი ოზურგეთის სახეწლმწიფო დრამატულ თეატრში შედგა. სცენაზე, სტუდიის პატარა წევრებთან ერთად, ოზურგეთში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ცნობადი სახეები წარდგნენ , მრავალი მუსიკალური ნომრით მდიდარი სცენარით და მაყურებელს დაუვიწყარი საზეიმო დღე უსახსოვრეს.

ნიჭიერი და ულამაზესი ბავშვების მიერ შესრულებულ თითოეულ ნომერს, ცეკვა იყო ეს , სიმღერა თუ კონკრეტული ეპიზოდის იმპროვიზება სხვადასხვა ფილმიდან და მიუზიკლიდან, მაღალი საშემსრულებლო კულტურის კვალი ეტყობოდა, უფროსებთან ერთად.

კონკრეტული სიმღერის თუ ცეკვის, ფილმების გმირების პასაჟების გამოყენებით, ბავშვების და ბავშვებად ქცეული დიდების ბენეფისი შედგა!

მიუხედავად ერთობლივი, გუნდური ხელისა, კონცერტს ერთგვარი „განწყობის თეორია“ მოარგო ნატალია ხომერიკის და მარეხ მჟავანაძის მუსიკალური ფენომენით ნასაზრდოებმა ტანდემმა. საზაფხულო უფერადესი თაიგულივით რომ შეკრა კონცერტის სცენარის სიუჟეტი და ერთგვარი სიყვარულის დიაგნოზი დაუსვა ამ პატარა, იგივე სიყვარულის ქალაქს, ოზურგეთს, მერე ბევრი რომ იძახდა, ნეტა, რატომ არ ვიცოდით, როგორმე დარბაზში შემოვიდოდითო… ბარაქალა!
გაიხარა, იზეიმა პატარა ქალაქამა. კეთილი ხუმრობაც გაისმა : „რა მაგარია, ტელეფონებიდან თავაწეული ზღაპრული ბავშვები და თვით უფროსებიცო… “

კონცერტი ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგა და მას საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე სახელისუფლებო რგოლის ბევრი წარმომადგენელი ესწრებოდა.

ავტორი





































































