სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს ბექა ჩხიკვიშვილი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო და დაახლოებით ორი დღის განმავლობაში მერის მოვალეობასაც ასრულებდა.
„ძვირფასო ოზურგეთელებო, გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს! მინდა გაცნობოთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა.
გასული პერიოდი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, დაუღალავი შრომა და, ამავდროულად, უზარმაზარი გამოცდილება იყო. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიურად ვცდილობდი, ჩემი ცოდნა და ენერგია ჩვენი მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოზურგეთელის კეთილდღეობისთვის გამომეყენებინა.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გამორჩეულ ადამიანებს: პაატა კუნჭულიას, ჩემს საუკეთესო კოლეგებს, მერიის ადმინისტრაციასა და თითოეულ თანამშრომელს. თქვენთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მადლობა იმ პროფესიონალიზმისთვის, გვერდში დგომისა და თავდადებისთვის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გამოიჩინეთ. ერთგულება, ადამიანობა და ღირსების გრძნობა არასდროს მოგვშლოდეს!“ – წერს ბექა ჩხიკვიშვილი.





































































