საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ქონების გადასახადის ზღვარი გაიზრდება, რაზეც აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად.
„მინდა, გადაწყვეტილად დავაანონსო და ვუთხრა საზოგადოებას, ძალიან აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ცვლილება იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. კერძოდ, ვამუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში ფიზიკურ პირებთან მიმართებით დღეს უკვე არსებული ზღვარი რაცაა, რაც შემდეგ წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, უფრო დადებითი კუთხით, უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ეს ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება.





































































