პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების გამო გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს. მისი თქმით, მარგველაშვილმა კანონმდებლობისა და პარლამენტის წინაშე უპატივცემულობა გამოხატა. ,,მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და განზრახული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა“,_ განაცხადა კობახიძემ.
,,რეგლამენტიის თანახმად, სიტყვით გამოდიან ფრაქციები, სხვა სუბიექტები, უმცირესობა, უმრავლესობა და სპიკერები, ამის შემდეგ აქვს პრეზიდენტს საკუთარი, დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. მას რეგლამენტის თანახმად აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ამისთვის არის დადგენილი შესაბამისი პროცედურა და ამის გამო გამოდის მომხსენებელი პრეზიდენტი ბოლოს. ეს არის დადგენილი პროცედურა, რომელიც 90-იანი წლებიდან მოქმედებს. ეს არის რაციონალური პროცედურა და ეხება სხვა ტიპის დებატებს და დისკუსიებს. პირველად დადგა ეს დებატები კითხვის ნიშნის ქვეშ. ბატონ გიორგის და ქალბატონ ადას არ მოსწონს ჩვენი რეგლამენტი, შეგვიძლია ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეიძლება გადაიხედოს პარლამენტის რეგლამენტი, თუმცა რაც ბატონმა გიორგიმ გააკეთა, ეს არის კანონმდებლობის და ინსტიტუტის, პარლამენტის უპატივცემულობა. რაც ძალიან სამწუხაროა. მე მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და განზრახული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა“,_ განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დებატებში ჩართვასა და სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, რასაც რეგლამენტი არ ითვალისწინებს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.



































































