სულთმოფენობიდან მეორე კვირას, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ქრისტიანული ღირებულებებით ბავშვების აღზრდის მნიშვნელობასა და ადამიანის სულიერ მისწრაფებებზე ისაუბრა. უწმინდესმა მრევლს ღირსი ათონელი მამების ხსენების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ეკლესია წარმოშობს წმინდანებს, რომელთა მაგალითიც თითოეული ქრისტიანისთვის გზამკვლევი უნდა იყოს.
პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა სახარებისეულ ეპიზოდზე, სადაც ქრისტემ პირველი მოწაფეები — პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე — მყისიერად გაიყოლა. მეუფე შიოს განმარტებით, ამ სწრაფი გადაწყვეტილების მიზეზი ის დიდი მადლია, რომელიც მათ უფალში დაინახეს, რაც ადამიანის ბუნებრივ თვისებას უკავშირდება — იგემოს უმჯობესი და დატოვოს უარესი.
„რა არის ეს განძი და მარგალიტი? — ეს არის რწმენა უფლისა და ამ რწმენის ძალით, მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთთან კავშირია, რომელიც უკვე ნათლობიდანვე გვეძლევა. მაშინ ისმის კითხვა: რატომ არ აფასებს ბევრი ადამიანი სათანადოდ, ჯეროვნად ამ განძს და საუნჯეს და ადვილად ცვლის მას რაღაც ამსოფლიურ ამაოებაზე? როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ ადამიანს აღზრდის დროს, ანუ ბავშვობიდანვე, არ აზიარებენ ამ საუნჯეს. მან არ იცის ამ მადლის, ამ მაღალი სულიერი მდგომარეობის გემო“, — აღნიშნა შიო III-მ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის სწორად აღზრდა, რათა შვილები გზას არ ასცდნენ და მშობლებისთვის ეს უდიდეს ტკივილად არ იქცეს. მისი თქმით, გონიერი ადამიანი ყოველთვის პასუხობს უფლის მოწოდებას სრულყოფილებისკენ.
„მათი ლოცვით, შეგვეწიოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვით და იმით, რომ ჩავწვდეთ ცხოვრების უმთავრეს მიზანს – პირველად ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს. მაგრამ ეს მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა, რადგან როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, მხოლოდ მდაბალთა მიანიჭებს მადლს უფალი“, — განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ქადაგების დასასრულს.

































































