მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს — ანი გელაშვილი, რომელიც გური დადიანიძის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს, „დღის ამბებთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ვერსიით, 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია.
„ჩვენი მეგობარი ცოცხალია. ჩემი ვერსია ეს არის, რადგან ჩემი გონება ვერასდროს დაუშვებს იმას, რომ ის გარდაცვლილია — მე ის გარდაცვლილი არ მინახავს. შესაბამისად, ვიწყებ ფიქრს, თუ სად შეიძლება იყოს ეს ადამიანი… ვინ იცის, იქნებ მიყურებდეს კიდეც და ძალიან მინდა, დაგვიბრუნდეს. როდესაც ამაზე ვფიქრობთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა დეტალს ვერ გავაჟღერებთ“, — ამბობს ანი გელაშვილი.
გელაშვილი „დღის ამბებს“ უმხელს, რომ ის ერთ-ერთია იმ 20 პირს შორის, რომლებიც ბოლო ერთ თვეში გამოძიებამ გამოკითხა. საქმის ოქროს მოწმე საუბრობს ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზეც, სადაც, უფლებადამცველის თქმით, ისმის ხმა: „კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები“.
ანი გელაშვილის თქმით, ეს ხმა გურიკას ხმას არ შეესაბამება და აუცილებელია ხმის ექსპერტიზის ჩატარება:
„რაც შეეხება თვითონ ვიდეოს, პირდაპირ ვიტყვი, რომ მასში არსებული ხმა საერთოდ არ შეესაბამება გურიკას ხმას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის გურიკა. დედა ძალიან ტრავმირებულია, იგი შვილს ყველა ადამიანში ეძებს და შეიძლება ყველა ხმა მიამსგავსოს. სავსებით მესმის მისი ტკივილი და გასაკვირი არ არის, რომ ვიღაცის ხმა შვილისას მიამსგავსა. როგორც ვიცი, ვიდეო ექსპერტიზაზეა და მისი ავთენტურობა უნდა დადგინდეს, თუმცა პირადად ჩემთვის ვიდეოს ავთენტურობაზე მეტად მნიშვნელოვანი ხმის ავთენტურობაა. ვიდეო შეიძლება იყოს რეალური, დაუმონტაჟებელი და პირდაპირ ატვირთული, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მასში გურიკას ხმა ისმის? უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს მისი ხმა“, — აცხადებს ანი გელაშვილი.
საქმის ოქროს მოწმე „ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერიდან საპატრიარქოსაც მიმართავს:
„მინდა მივმართო საპატრიარქოს: ძალიან გთხოვთ, დედას აცნობოთ, თუ რომელიმე ეპარქიაში ერთხელ მაინც ნახეს გური“, — ამბობს გელაშვილი.
































































