რა ელოდება მსოფლიოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგს? ამ საკითხზე ანალიტიკოს ზურა ბატიაშვილს ვესაუბრებით.
– ჩვენს რეგიონში რეალურად დაიწყო ომი, რომელიც ადვილად და მალე ვერ დასრულდება. ისრაელს მიაჩნია, რომ ირანი ძალიან ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნასთან და დასწრებაზეა. ირანის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი ისრაელის განადგურებაა. ამას ისრაელი საფრთხედ აღიქვამს და ამიტომ გადავიდა ვითარების გამწვავებაზე – შეტევა 13 ივნისს, ღამის 3 საათზე დაიწყო. მიზანში ამოღებული ჰქონდათ სამხედრო ობიექტები, რადიოლოკაციური სადგურები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ატომური ბომბის შექმნაზე მომუშავე მეცნიერები, ასევე სამხედრო ლიდერები, აეროდრომები და ა.შ., რასაც საღამოს ირანის საპასუხო თავდასხმაც მოჰყვა. თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია. ჩვენ არ ვიცით, პასუხის პასუხის პასუხი როგორი იქნება და რა მოჰყვება, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, ისრაელი ამის შემდეგ უფრო მკაცრი იქნება და როგორც ჰქონდა გაცხადებული, იმ შემთხვევაში, თუ ირანი მიიტანს იერიშს ისრაელზე, მაშინ მან შეიძლება დაბომბოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის გადამმუშავებელი ქარხნები და ინფრასტრუქტურა ირანში. ეს კი მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს ირანის ეკონომიკას. მაგალითად,
ირანის ელექტროენერგიის 2/3 გაზის გადამუშავების შედეგია და თუ დაიბომბა, ჩათვალეთ, რომ ირანს აღარ ექნება ელექტროენერგია რამდენიმე დღეში. ისევე, როგორც ნავთობიდან მიღებული შემოსავალია ირანისთვის მაცოცხლებელი არტერია და ისიც თუ აფეთქდა და უცხოეთში ვერაფერი გაიტანა, შემოსავალიც აღარ ექნება.
– პოლიტიკური თვალსაზრისით რა სცენარების განვითარებაა მოსალოდნელი?
– ამ ომის შედეგად ახალი მოკავშირეები და ახალი მტრები არ გაჩნდებიან. ისრაელის მთავარი მოკავშირე იყო, არის და იქნება აშშ, ირანის – რუსეთი. რუსეთი ჯერ განცხადებებით შემოიფარგლება. აშშ ჯერ განცხადებების დონეზეც არ არის და იმ შემთხვევაში, თუ ირანი ისრაელს შეუტევს, ვფიქრობ, ჩაერევა თავდაცვის საკითხებში.
– რუსეთი მხოლოდ განცხადებების დონეზე რატომაა? რესურსი არა აქვს თუ არ აწყობს, ირანს სხვა სახის დახმარებაც გაუწიოს?
– თავის დროზე ირანს მიაწოდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ახლა არაფერში გამოდგება, რადგან ძველი რუსული სამხედრო ტექნიკაა. მეტი რა შეიძლება მიაწოდოს ირანს, როცა, პირიქით, ირანი აწვდიდა. ახლა რუსეთს, როდესაც თვითონ არის ჩაფლული უკრაინასთან ომში და შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეიდან იღებს, ირანისთვის გასანაწილებელი იარაღი არა მგონია, ჰქონდეს.
– ეს ვითარება რუსეთ-უკრაინის ომზე რა გავლენას მოახდენს?