სოფელი შრომისუბანი (ჩოჩხათის თემი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, მდინარე შუთის პირას, ზღვის დონიდან 35 მეტრზე. ლანჩხუთიდან 26 კმ-ის, ხოლო სუფსის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ-ის დაშორებით. მდებარეობს სუფსა-გულიანის საავტომობილო გზაზე _ ასეთ ინფორმაციას გვაწვდის სოფლის შესახებ “ვიკიპედია”.
სოფლის ძველი სახელი მომდინარეობს ამავე სახელწოდების მდინარისგან, რომელიც სოფელში მოედინება. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მესიმინდეობა. სოფელში დგას ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილი. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. დგას XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. შემორჩენილია ძველი ეკლესიის არქიტრავი.
სოფელ შრომისუბნის მკვიდრ გელა ტუღუშს მაშინ გავესაუბრეთ, როდესაც ის სოფლის ერთ-ერთ ადგილას პოლიეთილენის ბოთლით დასალევ წყალს იღებდა. მან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი გაგვიზიარა.
_ “მთავრობის” წყალი კი გვაქვს, მაგრამ ზაფხულობით მაინც ამ წყაროს იმედად ვართ ის ადამიანები, რომლებიც სოფელში მუდმივად ვცხოვრობთ. მარტო ჩვენთან არ არის უწყლობით გამოწვეული პრობლემები ზაფხულობით… _ გვითხრა გელა ტუღუშმა.
მისივე თქმით, სოფელში მცხოვრებ ადამიანს არ უნდა უწევდეს ბაზარში წასვლა ბოსტნეულის შესაძენად.
“სოფელში რომ ცხოვრობს ადამიანი, ქათამიც უნდა ჰყავდეს, იხვიც, ინდაურიც, ძროხაც, რომ თავი გაიტანოს. ძროხა რომ გეყოლება, რძე გექნება, ყველი, ნადუღი _ ეს კარგია, მაგრამ ყველაფერი იწამლება და მართლა ბევრი შრომაა საჭირო, რომ ძლიერი იყოს გლეხი სოფელში. ფაროსანებმა შეგვჭამეს. ოთხი მანქანით შეწამლეს ყველაფერი, მაგრამ მაინც არ არის საშველი.
სოფელში მცხოვრები ადამიანი როგორ უნდა წავიდეს ოხრახუშის ან ქინძის საყიდლად ბაზარში? მაგრამ ასეა დღევანდელ დროში. დედაჩემი 95 წლისაა, ძველებურად ჯანზე არ არის, მაგრამ რაღაცას მაინც აკეთებს, ბოსტანში ჩასვლა უყვარს.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ხალხში არ არის თანხა. რატომ უნდა უჭირდეს, აგერ, ჩემს მეზობელს, მთელი ცხოვრება სულ მუშაობდა და ახლა წამლის ფულიც არ აქვს საკმარისი”, _ გვითხრა გელა ტუღუშმა.
ბატონ გელასთან საუბრის ვიდეოკადრები “გურია ნიუსის” ფეისბუქგვერდზე გამოვაქვეყნეთ, რასაც ადგილობრივების კომენტარები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
“არაფერი მეზარება, სამოცი წელია, ვშრომობ. ყველაფერი მომყავდა _ ჩემი სამყოფი კი არა, ვყიდდი კიდეც. წელს ქინძი და მაკიდოც მოგვიყვანია, მაგრამ ზრდაში რომ წავა, ხმობას იწყებს; ყვითლდება და ხმება პომიდორიც. ყოველდღე გამომაქვს გაშავებული სამი-ოთხი ძირი ნერგი ბოსტნიდან. შრომას და ბოსტანში საქმიანობას ვერავინ მასწავლის, მაგრამ ძალით ვერაფერს იზამ _ შეჭამა ჭიებმა ყველაფერი”.
“ყველა სოფლელს ქალაქელობა მოუნდა, მწვანილის დათესვაც აღარ უნდათ. მარტო მოვიდნენ და დაისვენონ _ სოფელში ასეთებს ბევრს მოვნიშნავდი, მაგრამ თავს შევიკავებ ახლა”.
“იცით, დღეს რა ჯდება ყანის დათესვა და მოყვანა?! გლეხის ფიზიკურ შრომაზე აღარაფერს ვამბობ. შრომას მაშინ აქვს ფასი, როცა იმ ნაშრომიდან რაღაც მოგებას ნახულობს გლეხი კაცი!”
“გარემო შეიცვალა. ძველ დროში მარტო შაბიამნით და კირით ვწამლავდით, რაც შესაწამლი იყო, ყანაში სასუქი შეგვქონდა. დამხმარე ძალაც იყო _ ერთმანეთს ვეხმარებოდით. ბავშვობიდან მოყოლებული, ვისაც რა შეეძლო… ყველა სოფელში მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ფერმები იყო. ბუნება და ჰაერი სუფთა, ხალხი ჯანმრთელი, ფაროსანა სად იყო… ახლა ყველაფერი მოწამლულია, ხალხს ჯანმრთელობა აღარ გვაქვს, შემოგვესია მღრღნელები, კოღოები ყოველთვის იწამლებოდა, წამალიც აქტიური იყო. ახლა არაფერი ვარგა…
ადამიანები მიდიან, ზოგი ქვეყნის საზღვრებს გარეთ წავიდა, დაიცალა სოფლები. ვინღა დაგეხმარება? არავინ აღარ დარჩა. ვინც არის, ზოგს არ შეუძლია, ზოგი კიდევ ტელეფონს ვერ სცილდება.
რას ვიზამთ, მთავარია, გვქონდეს ჯანმრთელობა და მშვიდობა მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომა და დახმარება უნდა ვიცოდეთ.
ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი საქართველოს მფარველი!” _წერენ ფეისბუქმომხმარებლები.
“გურია ნიუსი” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს დაუკავშირდა კითხვით: რა გაკეთდა და რის გაკეთება იგეგმება სოფელში?
_ სოფელ შრომისუბნის მოსახლეობას წყალი ყოველდღიურად მიეწოდება. მოგეხსენებათ, სოფელი სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა. ამიტომ ეტაპობრივად ჩატარდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მოეწყო დაახლოებით 200 მეტრამდე ნაპირსამაგრი ნაგებობა და აღდგა დაზიანებული ხიდები. სამუშაოები ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს. მოეწყო შრომისუბანი-ჯიხანჯირის დამაკავშირებელი გზა. ტენდერი დასრულდა და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები შრომისუბანი-ხაჯალიის დამაკავშირებელ გზაზე. მუნიციპალიტეტის მერია ცდილობს, მოსახლეობის საჭიროებები გაითვალისწინოს და დროულად აღმოფხვრას პრობლემები, _ ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის პასუხში.
ავტორი

































































