მოგეხსენებათ, რომ დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განსაზღვრა მისი ღირებულება, კერძოდ: სასკოლო პიჯაკი — 45 ლარი, სასკოლო შარვალი — 25 ლარი, ხოლო ქვედაკაბა — 25 ლარი (ჯამში — 95 ლარი)“ — მსგავსი ტიპის განცხადებები ამ დღეებში საჯარო სკოლების დირექტორების ფეისბუქგვერდებზე გამოჩნდა.
როგორც ცნობილია, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასკოლო ფორმები ბრუნდება.
„პირველ ეტაპზე, 15 სექტემბრამდე, ფორმები პირველკლასელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც ოზურგეთის №1 საჯარო სკოლაში განთავსდება. გრაფიკის მიხედვით, მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეთა ფორმები ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩამოვა, რის შემდეგაც მშობლებს საშუალება ექნებათ, გამოცხადდნენ და ბავშვებს ფორმები მოარგონ.
მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეთა ფორმები ნოემბრის დასაწყისში შემოვა. ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ ოჯახების მოსწავლეებს, რომელთა სოციალური ქულა 65 000 ან ნაკლებია, ხოლო შედარებით მაღალი ქულის მქონე მოსწავლეებისთვის ფორმა ფასიანი იქნება.
გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშსწორება მოხდება მხოლოდ საბანკო ბარათით და არა ნაღდი ფულით. გადარიცხვის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს მოსწავლის პირადი ნომერი და ტრანზაქციის შინაარსი — ‘სასკოლო ფორმის გადასახადი’.
ბიჭის კომპლექტში შედის პიჯაკი და ორი შარვალი, ხოლო გოგონას კომპლექტში — პიჯაკი, ერთი შარვალი და ერთი ქვედაბოლო. კომპლექტი არ დაიშლება, თუმცა სურვილის შემთხვევაში მშობელს შეუძლია ორი კომპლექტი შეიძინოს“, — აღნიშნულია ერთ-ერთი სკოლის დირექტორის გავრცელებულ განცხადებაში.
სკოლების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია: „თხოვნა გვაქვს II-VI კლასის მოსწავლეთა მშობლებთან, ნუ გაწევთ ზედმეტ ხარჯს და ნუ შეუძენთ ბავშვებს მრავალფეროვან სამოსს. ფორმები დათქმულ ვადებში მოვა და მათ ტარება სავალდებულო იქნება“.
ქალაქ ოზურგეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორის, მაია თავართქილაძის თქმით, პირველკლასელებისთვის ფორმების შემოტანა 20 აგვისტოდან დაიწყება:
„სასკოლო ფორმების დასასწყობებლად ქალაქ ოზურგეთის №1 სკოლის შენობაში ადგილი უკვე გამოყოფილია. პირველ ეტაპზე პირველკლასელების ფორმების გაცემა მოხდება, რაც 1 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება“, — განაცხადა მაია თავართქილაძემ.
































































