ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სოფელ შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში (გორისფერდში) მდებარე №2 ქუჩას „შემოქმედის“, ხოლო სოფელ გომში მდებარე №1 ქუჩის ნაწილს „გივი დუმბაძის“ სახელი მიენიჭა.
გივი გრიგოლის ძე დუმბაძე დაიბადა 1925 წლის 16 თებერვალს ოზურგეთში და გარდაიცვალა 1999 წლის 11 მაისს თბილისში. მისი ბიოგრაფია შთამბეჭდავია: იგი იყო ცნობილი ქართველი პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1979), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1994 წლიდან) და ღირსების ორდენის კავალერი.
გივი დუმბაძე 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის ორი მონოგრაფიის) ავტორია. მისი საკანდიდატო დისერტაცია შეეხებოდა ფუნქციის მოშლის პათოგენეზსა და ჰიპოთერმიის გამოყენებას გულის ჭრილობების დროს, ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა გახლდათ: „ქალა-ტვინის კომბინირებული ტრავმის პათოგენეზის მასალები“.
ამავე რიგგარეშე სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სოფელ ბოხვაურში მდებარე №2 და №10 ქუჩებს „წმინდა სოფიას“ სახელი მიენიჭა.
































































