რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებოდიდან გადადგომის შეწსახებ ფეისბუქის საშუალებით განცხადება გაავრცელა.
ამ თემაზე ერთ-ერთი პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბესო ქათამაძემ გააკეთა.
„გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ბესო ქათამაძემ აღნიშნა, რომ პაატა კუნჭულიას თანამდებობიდან წასვლაში დიდი წვლილი მიუძღვნის ბიზნესმენს ვანო ჩხარტიშვილს, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს დავით დარჩიას და გურიის გუბერნატორს გიორგი ღურჯუმელიძეს.
„პაატა კუნჭულია შეეწირა შიდა დაპირისპირებას. რაც დღეს მოხდა, არის დიდი შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის. მაგრამ ეს „ქართულ ოცნებას“ არ აინტერებს“, _ გვითხრა ბესო ქათამაძე.
პაატა კუნჭულიამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა.
„საზოგადოებისთვის არახალია, რომ აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე.
ამის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, არაერთხელ, მათ შორის საჯაროდაც მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ, ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა…
ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, სათანადოდ დააფასონ ის ადამიანები, ვინც წლებია პოლიტიკაში არიან, უძლებენ უმძიმეს გარე თუ შიდა შემოტევებს და მყარად დგანან საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე.“ -ეს არის ამონარიდი პაატა კუნჭულიას განცხადებიდან.




































































