სიდერატების თესვა ყველაზე შედეგიანია 15 აგვისტოდან, რაც მომდევნო გაზაფხულზე ჩაიხვნება. როცა ნიადაგში მის ჩახვნას მოვახდენთ, ციტრუსების (თუ ახალგაზრდა ხეხილოვნების) მეურნეობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მის გამოყენებას.
სიდერატების ანუ მწვანე სასუქის ორგანული მასის შეტანით უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა და ის ცვლის მოთხოვნილებას დეფიციტურ ნაკელზე. ამასთანავე, ის ნიადაგს 3-4 წლის და მეტი ხნის მანძილზეც ანოყიერებს.
ზაფხულის სიდერატების თესვა დასაშვებია გურიაში, ტენიან ნიადაგზე, ახალგაზრდა ნარგავების რიგთაშორისებში, მცენარის ღერო-ტანიდან ერთი მეტრის დაცილებით. ზაფხულის სიდერატებად უნდა გამოვიყენოთ სოია, დაბალი ლობიო, ბარდა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალგაზრდა რიგთაშორისებში იმ მრავალწლიანი ბალახოვნების თესვას, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, მის ნაყოფიერებას და იძლევა მაღალი ხარისხის საკვებს ნიადაგისთვის.
მრავალწლიანი ბალახების თესვა უმჯობესია ნარევის სახით, რომელშიც თანაბრად იქნება პარკოსანი და თავთავიანი კულტურები.
ციტრუსოვანთა ნიადაგის (ისევე, როგორც ხეხილოვანთა), გადაბარვა სიდერატების შეტანამდე, უზრუნველყოფს აზოტის შემცველი ნეშომპალის დაგროვებას, რაც ძალიან კარგ შედეგს იძლევა ციტრუსოვანთა ნაყოფის დანასკვისთვის.
სიდერატები ყველა პერიოდში ერთნაირადაც არ მოქმედებენ მცენარეზე. მაგალითად, გაზაფხულზე დათესილ სიდერატებს ზაფხულის პერიოდში შეუძლია გამოიწვიოს ნიადაგიდან ზედმეტი წყლის აორთქლება. ამისთვის ციტრუსების ბაღებში უფრო მისაღებია აგვისტოს შუა ან ბოლო რიცხვებიდან, შემოდგომით თესვა.
ძველებური რაოდენობით თუ ვერა, ციტრუსოვანი პლანტაციების აღდგენა მაინც კარგი ტემპით მიმდინარეობს და მანდარინისა თუ ლიმონის ბაღებში ნიადაგის თოხნა-გაფხვიერება სიდერატების ჩასახნავად, განახლებადი პროცესის სახეს იძენს, რაც მისასალმებელია.
ტერასების ფერდობთა გაცელვა, სათესლე სიდერატებიდან თესლის აღება, ცრუფარიანების, ფარიანების და თრიპსების კერებში ფუმიგაცია, მაღალმოსავლიანი ხეებისთვის შესაყენებელი ბიჯგების დამზადება, ციტრუსების (თუ სხვა კულტურების) ახალი ბაღების გასაშენებლად ტყე-ბუჩქნარის ამოძირკვა, ფერდობებზე ტერასების მოწყობა და ნიადაგის ღრმად დამუშავება, ზრდაში ჩამორჩენილი საძირეების აზოტითა და წუნწუხით გამოკვება, ტრიფოლიატის ამონაყრის შეცლა, ბორდოს სითხით ნამყენების წამლობა თან უნდა ახლდეს სიდერაციის პროცესს, თუმცა, არა როგორც თანმხლები, არამედ აგვისტოს თვიდან შესასრულებელი აუცილებელი სამუშაო.