საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2030 წლის 1 იანვრამდე, ქვეყანაში არასახიფათო ნარჩენების განთავსების ოთხი ახალი რეგიონული ობიექტის (თანამედროვე ნაგავსაყრელის) და მათთან დაკავშირებული გადამტვირთავი სადგურების კომპლექსი უნდა შეიქმნას. პროექტის განხორციელება შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას” დაევალა, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციისა და დაფინანსების მოპოვება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით იგეგმება.
მთავრობის დოკუმენტში მკაფიოდაა განსაზღვრული საპროექტო ზონირება, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს ფარავს:
კახეთი; შიდა ქართლი _ მცხეთა-მთიანეთი; იმერეთი _ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი; სამცხე-ჯავახეთი.
ჩამოთვლილ რეგიონულ ჰაბებს შორის გურიის რეგიონი საერთოდ არ ფიგურირებს და ეს ფაქტი ბუნებრივად აჩენს კითხვებს: რა ბედი ელის გურიას, სადაც ნარჩენების მართვა წლებია მწვავე გამოწვევად რჩება? რატომ ვერ მოხვდა იგი სტრატეგიულ ზონირებაში და რა ეკოლოგიური თუ ეკონომიკური საფრთხეების წინაშე დგება რეგიონი? ამ საკითხებზე “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს ვესაუბრეთ.
ნინო ჩხობაძის განმარტებით, გურია ფორმალურად სტრატეგიული გეგმის მიღმა არ დარჩენილა, თუმცა, არსებობს ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც ეროვნული სტრატეგიის მომზადების პროცესშიც ვერ გადაიჭრა. რეგიონს დღემდე არ გააჩნია ნარჩენების მართვის ერთიანი, გამართული ლოგისტიკური ჯაჭვი.
“ჩვენ ვითხოვდით, რომ გურიაზე ცალკე გამოხმაურება ყოფილიყო. დღესდღეობით ჩოხატაურში არის ერთი ნარჩენების პოლიგონი, ხოლო ლანჩხუთისა და ოზურგეთის ნარჩენების ნაწილი სამტრედიისკენ მიემართება, ნაწილი კი _ ფოთისკენ. იყო ლაპარაკი, რომ სტრატეგიით ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, სად და როგორ უნდა განთავსდეს ნარჩენები, როგორ უნდა მოხდეს ჩოხატაურის პოლიგონის დახურვა ან გადატვირთვა. სავარაუდოდ, გურიაში უნდა აშენდეს გადამტვირთი სადგური, საიდანაც ნარჩენი ცენტრალურ პოლიგონზე გადავა“, _ აცხადებს ჩხობაძე.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპი კატასტროფულად ჩამორჩება გაწერილ ვადებს. დღემდე არც ფოთში, არც სამტრედიასა და არც ქუთაისში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ნარჩენების პოლიგონები არ არსებობს:
“მიუხედავად იმისა, რომ გეგმაში ეს ყველაფერი წერია, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს, რადგან, ჯერჯერობით, არც შესაბამისი ფინანსური მდგომარეობაა და არც ბოლომდეა გარკვეული, როგორი მართვა უნდა განხორციელდეს ადგილებზე“, _ ამბობს ჩხობაძე და აღნიშნავს, რომ თანამედროვე ნარჩენების მართვის ფუნდამენტი არის სეპარირება (დახარისხება) უშუალოდ წარმოქმნის ადგილზე, რაც პოლიგონებზე ნაგვის მინიმალურ მოცულობას უზრუნველყოფს. თუმცა, გურიის არც ერთ მუნიციპალიტეტში ეს სისტემა მასშტაბურად დანერგილი არ არის.
“ოზურგეთში იყო მცდელობა, დაპრესვის აპარატიც აქვთ, მაგრამ მასშტაბურად ხელი ამისთვის არ მოუკიდიათ. ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ინდიკატორების მიხედვით, 2024 წლისთვის უკვე სრულად უნდა გვქონოდა სეპარირებული შეგროვება. დღეს უკვე 2026 წელია და ფაქტია _ ეს ამოცანა არ შესრულდა“, _ აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.
გარემოსდამცველის თქმით, რეგიონში ეკოლოგიური ინფრასტრუქტურა წინ სვლის ნაცვლად უკან მიდის:
“ბევრად უფრო დიდ პრობლემებს ვხედავთ: გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც დაახლოებით 4 წლის წინ ფუნქციონირებდნენ, აღარ მუშაობენ. ერთადერთი, რასაც დღეს ვხედავთ, შეგროვებული სეპარირებული ნარჩენის თურქეთში გატანაა. 2022-2023 წლების მონაცემებითაც ვიცით, რომ გურიაში ნარჩენების სრულ შეგროვებასაც კი ვერ მიაღწიეს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შედეგი დღეს მიღწეულია“.
ჩხობაძის თქმით, გურიისთვის, სადაც ეკონომიკური განვითარების მთავარი დასაყრდენი ტურიზმი (ბახმარო, გომისმთა, ურეკი-შეკვეთილის სანაპირო ზოლი) და სოფლის მეურნეობაა, ნარჩენების გაუმართავი სისტემა პირდაპირ სოციალურ-ეკონომიკურ საფრთხეს წარმოადგენს.
“გურიის ეკონომიკური განვითარების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ტურიზმია. თუ ეს სამივე მუნიციპალიტეტში ვერ მოხერხდა, ძნელი პროგნოზირებადია, რომ რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა მზარდი იქნება. იგივე ეხება სოფლის მეურნეობასაც“, _ აცხადებს ჩხობაძე.
“საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის” დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების, რეციკლირებისა და განთავსების სისტემები მნიშვნელოვან რეფორმებს მოითხოვს.
ოფიციალური მონაცემების ანალიზი აჩვენებს ქვეყანაში ნარჩენების მზარდ დინამიკას:
2020 წელს: ნარჩენების წარმოქმნის ინდექსმა შეადგინა საშუალოდ 0.95 კგ/მ/დღეში ქალაქებისთვის და 0.54 კგ/მ/დღეში სასოფლო დასახლებებისთვის. სულ წარმოიქმნა 1,061,007 ტონა ნარჩენი (760,942 ტონა ქალაქად, 300,065 ტონა სოფლად).
2021 წელს: წარმოქმნილი მთლიანი მუნიციპალური ნარჩენები 1,104,952 ტონამდე გაიზარდა (ქალაქებში _ 768,257 ტონა, სოფლად _ 336,695 ტონა).
პროგნოზით, 2030 წლამდე ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად 0.6%-1.2%-ით გაიზრდება.
ნარჩენების შემადგენლობის ანალიზმა აჩვენა, რომ მუნიციპალური ნარჩენების ნახევარზე მეტს ორგანული ნარჩენები (54.7%) შეადგენს. მას მოსდევს პლასტიკი (13.8%), ქაღალდი და მუყაო (10.6%), ტექსტილი (4.1%), მშენებლობის ნარჩენები (2.5%), მინა (2.3%), მეტალი (1.4%) და სხვა ნარჩენები (11%).
ორგანული და რეციკლირების პოტენციალის მქონე ნარჩენების ასეთი მაღალი წილი (თითქმის 80%) იძლევა საფუძველს გადამუშავების სქემების დასანერგად, თუმცა პრაქტიკაში შეგროვებული ნარჩენები მაინც პირდაპირ ნაგავსაყრელებზე ხვდება.
ამასთან, მომსახურების დაფარვის მაჩვენებელი ქალაქებში 97.56%-ია, ხოლო სოფლის დასახლებებში _ მხოლოდ 63.56%. მუნიციპალიტეტებში არსებული ტექნიკური აღჭურვილობა (ნაგავმზიდი სატვირთო მანქანები, კონტეინერები) მოძველებული ან დაზიანებულია, ხოლო საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) პოლიტიკა ნათლად გამოკვეთილი არ არის.
მთავრობის განკარგულების თანახმად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მხოლოდ შერჩეული ოთხი ზონისთვის იგეგმება.
ნინო ჩხობაძის დასკვნით, ნარჩენების მართვის საკითხი ისევ და ისევ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში. აუცილებელია, გარემოს დაცვის სამინისტრომ სწორად შეაფასოს მოქმედებათა გეგმის ინდიკატორები, გადაიხედოს სტრატეგია და შეიქმნას მკაფიო, რეალობაზე მორგებული სამოქმედო გეგმა.
ოფიციალური პირები პროგრესზე საუბრობენ. 25 ივნისს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა:
“2015 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს ნარჩენების მართვის კოდექსი. მიუხედავად პროგრესისა, კვლავ გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხო დამუშავების სისტემების არასაკმარისი განვითარება. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია თანამედროვე, უსაფრთხო და მდგრადი სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის“.
მოგვიანებით, 11 ივლისს, პავლიაშვილმა “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორთან, მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის ადგილობრივ თანამშრომლებს აღჭურვილობა და ახალი ურნები გადასცა, ხაზი გაუსვა რა სუფთა სანაპირო ზოლის მნიშვნელობას ტურიზმისთვის.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში” აცხადებენ, რომ არასახიფათო ნარჩენების თანამედროვე ტიპის ობიექტების მშენებლობა მთავარ პრიორიტეტად რჩება.
თუმცა, ყველაზე საინტერესო სურათს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური 2025 წლის ანგარიში შლის. დოკუმენტის მიხედვით:
_ კომპანია 54 ნაგავსაყრელს მართავს (28 დახურულია, 26 ოპერირებს), მოწყობილია გადამტვირთავი 6 სადგური.
_ ქუთაისსა და თეთრიწყაროში შენდება 81-მილიონიანი პოლიგონები, ხოლო ფოთში, ბოლნისსა და ამბროლაურში _ გადამტვირთავი სადგურები.
რას ვკითხულობთ ამავე ოფიციალურ ანგარიშში გურიაზე?
ანგარიშის მიხედვით, გურიის რეგიონში კომპანიის ერთადერთ საქმიანობად მითითებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოვლა-დასუფთავების სამუშაოები, რომელსაც კომპანია 2021 წლიდან ახორციელებს.
დარგის გამოწვევებს ადგილობრივი ბიუჯეტების მონაცემებიც ადასტურებს. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტების მიხედვით, მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავენ ნარჩენების შეგროვებასა და გატანაზე _ მაგალითად, ოზურგეთი 5.4 მილიონ ლარამდე, ხოლო ჩოხატაური 1.9 მილიონ ლარამდე. თუმცა, ეს სოლიდური თანხები სრულად მიმდინარე საოპერაციო ხარჯებსა და არსებული ნაგვის უბრალოდ ტრანსპორტირებას ხმარდება, ხოლო ახალი ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე ლოგისტიკური ჯაჭვის შექმნისთვის ადგილობრივი რესურსი საკმარისი არ არის.
































































