15 მაისს, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა _- „ნონა გაფრინდაშვილის თასი 2026“.
ეს არის პროგრამით გათვალისწინებული გურიის რეგიონის სასკოლო პირველობა ჭადრაკში.
ჩემპიონატის დაწყების წინ, საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების, ნინო გორდეზიანის, მარიამ ჯანელიძის, ქეთი ბჟალავას მიერ, დაჯილდოვდა რეგიონის მუნიციპალიტეტებში გამარჯვებული სკოლის გუნდები, რომლებმაც თასის გათამაშების პირველ ეტაპზე, მუნიციპალურ ჩემპიონატებში გაიმარჯვეს და გურიის რეგიონის ჩემპიონატში, მეორე ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
„ ეს გუნდებია: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლა, სსიპ ნ.დუმბაძის სახელობის ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა და სსიპ ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა, _ გვითხრა გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ ანდღულაძემ. მან განმარტა, რომ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი ჯერ მუნიციპალიტეტების სკოლებს შორის გათამაშდა, შემდეგ კი, რეგიონის მასშტაბით.
როგორც მან თქვა, ამ გუნდებს (თითოეულში 4-4 წევრია) შორის, გურიის რეგიონის ჩემპიონობისთვის ბრძოლა წრიული სისტემით წარიმართა და მონაწილეთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უმეტესობამ კარგი სათამაშო დონე გამოავლინა. ასევე, ხარისხიანი პარტიებიც გაითამაშეს, თუმცა, ცალკეულ შეხვედრებში, თანმდევმა დაძაბულობამ და ემოციებმა შედეგებშიც ჰპოვა ასახვა. საბოლოოდ კი, გუნდური ოთხი შესაძლებლობიდან, სამი ქულით და საერთო 8-დან 4,5 ქულით, პირველი ადგილი დაიკავა ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლამ. რომლის შემადგენლობა ასეთი იყო: კაპიტანი ნესტან ასამბაძე-თოდრია, გუნდის წევრები: თედო მამალაძე, აბო ჭელიძე, მათე მგალობლიშვილი, თამარ ჟღერია; გუნდი დაჯილდოვდა თასით, პირველი ხარისხის მედლებით და შესაბამისი დიპლომებით.
გუნდური 4 შესაძლებლობიდან, 2 ქულით და საერთო 8-დან 5,5 ქულით, ვერცხლის მედალოსანი გახდა ნ.დუმბაძის სახელობის ქ.ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა. კაპიტანი ნინო წიტაიშვილი; გუნდის წევრები: არჩილ ჩიტაიშვილი, ემილია ხომერიკი, იოანე ნიკოლაიშვილი და ელისაბედ მირიანაშვილი.
ბრინჯაოს მედლები კი წილად ხვდა წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ლანჩხუთის მართლმადიდებლურ სკოლას _ კაპიტანი ადამ ხუხუნაიშვილი; გუნდის წევრები დემეტრე ბერიძე, ავთანდილ ფირცხალაიშვილი, თომა ცინცაძე, მარიამ ჩაჩავა.
ამრიგად, რეგიონული ტურნირის ფინალის გამარჯვებული ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლა გახდა. გუნდი, როგორც გურიის ჩემპიონი, მონაწილეობას მიიღებს „ნონა გაფრინდაშვილის თასი 2026“-ის დასკვნით ფინალურ ტურნირში, რომელიც 6 ივნისს გაიმართება თბილისში, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში.
მანამდე ბათუმში დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი R1600 და R 2000 რეიტინგულ კატეგორიაში, რომელშიც გურიის რეგიონიდან 11 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მისასალმებელია, რომ მათგან ხუთმა, დადებითი შედეგით დაასრულა 9 ტურიანი მარათონი, ხოლო ორი მოჭადრაკე პირველად მიიღებს საერთაშორისო რეიტინგს.
სერიოზულ წარმატებას მიაღწია ოზურგეთელმა აკაკი სალუქვაძემ (მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი), რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და დამსახურებულად დაიკავა III საპრიზო ადგილი. ამასთან ფიდეს რეიტინგი რეკორდული მაჩვენებლით, +145 ერთეულით გაიუმჯობესა. ასევე, ქებას იმსახურებს ოზურგეთელი სერგი ტოტოჩავა (მწვრთნელი ელგუჯა ურუშაძე), რომელმაც შესაძლო ქულების 60 %-ზე მეტი აიღო და პირადი რეიტინგიც 20 ერთეულით გაზარდა. მნიშვნელოვნად მოუმატა სათამაშო დონეს ლანჩხუთელმა სარა წულაძემ, რომელმაც გურულებში მესამე შედეგი აჩვენა და რეიტინგიც 14 პუნქტით გაიუმჯობესა. წარმატებით იასპარეზა მწვრთნელ ადამ ხუხუნაიშვილის კიდევ ერთმა მოსწავლემ _ ანდრია დობორჯგინიძემ, რომელმაც ქულების 60%-მდე აიღო და მას პირველად დაუფიქსირდება ფიდეს რეიტინგი.
ეს არის საუკეთესო შედეგები, რაც გურიის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა ჭადრაკში მოიპოვეს და ძალიან სასიხარულოა. ვემზადებით მომავალი გამარჯვებებისთვის, _ გვითხრა ზურაბ ანდღულაძემ.




































































