„ოჯახის სიწმინდის დღეს“ პატრიარქ შიო III-ის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ და მისმა მთავარმა გზავნილებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი და აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა გამოიწვია _ ახალი პატრიარქის განცხადებები დემოგრაფიაზე, აბორტსა და მრავალშვილიანობაზე სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკისა და მსჯელობის საგნად იქცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან“ დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თავის გამოსვლაში პატრიარქმა შიო III-მ ყურადღება გაამახვილა ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობაზე, ქვეყნის დემოგრაფიულ გამოწვევებზე, აბორტის მძიმე ცოდვასა და მრავალშვილიანობის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ოჯახის სიმყარე ეროვნული იდენტობის საძირკველია და მოუწოდა ხელისუფლებასა და ეკლესიას მომავალი თაობის აღზრდაზე ერთობლივი ზრუნვისკენ.
ახალი პატრიარქის პირველ დიდ ოფიციალურ გამოსვლას მართლმადიდებელი ეკლესიების უცხოელი დელეგატები (მათ შორის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი), ასევე, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორ აღიქვამენ თბილისიდან წამოსულ ამ გზავნილებს უშუალოდ რეგიონში, რომელიც თავად დგას უმძიმესი მიგრაციული და სოციალური კატასტროფის წინაშე.
ოზურგეთში „ოჯახის სიწმინდის დღე“ მსვლელობით აღინიშნა
დედაქალაქის პარალელურად, „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე: საზეიმოდ აღინიშნა ოზურგეთშიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობას ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი შეუერთდნენ.
აღნიშნულ მოვლენას ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია გამოეხმაურა: „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი, ურთიერთპატივისცემა და სამშობლოს სიყვარული”, _ განაცხადა ოზურგეთის მერმა.
სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების ამ სადღესასწაულო განწყობისა და თბილისში, პატრიარქ შიო III-ის მიერ გაჟღერებული ხმამაღალი გზავნილების ფონზე, გურიის ოპოზიციური სპექტრი სრულიად განსხვავებულ აქცენტებს სვამს და მწვავე პროტესტს გამოთქვამს.
ილია II-ის სულიერი მემკვიდრეობა და გურიის დემოგრაფიული კრიზისი
პატრიარქმა შიო III-მ თავის სიტყვაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობას და აღნიშნული ტრადიციების უცვლელად გაგრძელებას გაუსვა ხაზი.
ამ ინიციატივას დადებითად აფასებს პარტია „ახალის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაძე, თუმცა იქვე მის სიმბოლურ დატვირთვაზე მიუთითებს:
„ილია II-ის სულიერი მემკვიდრეობის გაგრძელება, განსაკუთრებით საყოველთაო ნათლობების ტრადიცია, მნიშვნელოვანი გზავნილია. გურიისთვის, სადაც დემოგრაფიული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას, ასეთი ინიციატივები მხოლოდ რელიგიური აქტი აღარ არის _ ეს გარკვეულწილად მომავლის, ოჯახის და თაობების შენარჩუნების სიმბოლოცაა…“
აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა ჯანაშია. ისიც მიესალმება ახალი პატრიარქის სურვილს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ მხოლოდ რელიგიური რიტუალები მრავალწლიან მძიმე რეალობას ვერ შეცვლის: „კარგი და მისაღები იყო თავის დროზე, როცა ილია მეორემ დაიწყო საყოველთაო ნათლობა და დადებითი მომენტი იყო, თუმცა ამას რეალური ნაბიჯები დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრაზე არ ჰქონია. იმიტომ, რომ დემოგრაფიულ პრობლემას სულ სხვა რეალობა ცვლის…“
ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობა _ სად გადის ზღვარი ჯანსაღ თანამშრომლობასა და მანიპულაციას შორის?
კიდევ ერთი საკითხი, რამაც ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის ფორმატს ეხება. ბაჩო ახალაძის თქმით, პრობლემა მაშინ იწყება, როცა მმართველი გუნდი რელიგიურ გრძნობებს საარჩევნოდ იყენებს: „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა ბუნებრივია მაშინ, როცა საქმე განათლებას ან სოციალურ პრობლემებს ეხება… თუმცა პრობლემა მაშინ იწყება, როცა ხელისუფლება ეკლესიის ავტორიტეტს პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად იყენებს, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში…“
ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის ნეგატიურ პოლიტიზებაზე საუბრობს გოჩა ჯანაშიაც. „ლელოს“ წევრის აზრით, მსგავსი პრაქტიკა თავად მრევლს შორის აჩენს ბზარს, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს:
„სამწუხაროდ, ჩვენნაირ ქვეყანაში ეს თანამშრომლობა სულ სხვაგვარად აღიქმება… ეს ის პრაქტიკაა, რამაც დაყო საზოგადოება, მრევლი პოლიტიკური ნიშნით და ნეგატიური გავლენა იქონია უშუალოდ ადამიანების ეკლესიურობაზე. პირიქით უნდა მოხდეს _ ეკლესიამ თავისი დისტანცია უნდა დაიკავოს და აკონტროლოს ხელისუფლება“, _ ამბობს ჯანაშია.
აბორტი, მრავალშვილიანობა და სოციალური კატასტროფა
პატრიარქის განცხადებას, რომ ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ბავშვის დაბადებაა ოჯახის ბედნიერება, ოპოზიციის ლიდერები ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს უპირისპირებენ და აღნიშნავენ, რომ ხალხს შვილების გაჩენის უბრალოდ ეშინია.
კახა ასკურავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთელი ლიდერი:
„ის, რომ აბორტი პრობლემაა, კატასტროფაა და დანაშაულია ღვთის წინაშე, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. პატრიარქ შიო III-ს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ აბორტი არის ბოროტება, მაგრამ ის, ასევე, ადეკვატური უნდა იყოს იმ სოციალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამ ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას.
აბორტის გარდა, ამ ქვეყანას დემოგრაფიული პრობლემა უდგას იმის გამო, რომ არსებობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ეშინიათ შვილების გაჩენის, ან თუ არ ეშინიათ, გარბიან ქვეყნიდან. ძალიან ბევრმა ქმარმა, ცოლმა და შვილმა დატოვა ეს ქვეყანა. საქართველოში ოჯახები ვერ იქმნება იმის გამო, რომ შვილის გაჩენის ეშინია ქართველს. შიო მესამე, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და გურული კაცია, უნდა იყოს ადეკვატური და ხაზი გაუსვას, რომ ამ ქვეყნის პრობლემა აბორტის გარდა არის სოციალური გამოწვევები.
„რომელ ოჯახის სიწმინდეზეა საუბარი, როცა დედა უცხოეთში გარბის?“ _ ემიგრაციის მწარე რეალობა
ოპოზიციის ლიდერები ერთხმად თანხმდებიან, რომ მხოლოდ სულიერი ნუგეში ქვეყანას და შესაბამისად ვერც გურიას მიგრაციული კატასტროფისგან ვერ იხსნის. ბაჩო ახალაძე პირდაპირ ეკონომიკურ სტრატეგიაზე მიუთითებს:
„მხოლოდ ნუგეშით ადამიანები საკუთარ სახლებში ვერ დაბრუნდებიან. გურიიდან წასვლის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და უპერსპექტივობის განცდაა…“
ამავე ლოგიკას აგრძელებს გოჩა ჯანაშიაც, რომელიც სვამს რიტორიკულ კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურია საუბარი ოჯახის სიწმინდეზე მაშინ, როცა ათასობით ქართველი დედა საზღვარგარეთაა გადახვეწილი:
„როცა დედა, პატარა შვილების დედა, სარჩოს მოსაპოვებლად უცხოეთში მიდის, რომელ ოჯახის სიწმინდეზეა საუბარი? ამას გამოასწორებს ეკლესიის გვერდში დგომით ქვეყნის სწორი განვითარება“, _ ამბობს გოჩა ჯანაშია.
ავტორი

































































