ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 1968 წელს დაბადებული ემზარ ბაღიშვილი 10 მარტს დააკავეს. მას აფხაზეთში ბინადრობის მოწმობაც ჰქონდა.
“უსაფრთხოების სამსახურის” ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში “ოპერატიული დაზვერვის ოპერაციის” ფარგლებში აიყვანეს.
მას ბრალად ედება “აფხაზეთის სოციალურ-პოლიტიკური ვითარების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა”.
“უსაფრთხოების სამსახურს” არ წარმოუდგენია ბაღიშვილის ჯაშუშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გავრცელებულ ვიდეოში ბაღიშვილს ეკითხებიან, სად ცხოვრობენ მისი შვილები – “ორი საქართველოში, ერთი ამერიკაში“, – პასუხობს ის.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედდა “ცხელი ხაზი“ და დეტალები დგინდება.


































































