საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს საპასუხო წერილი გაუგზავნა _ ამერიკის ლიდერი საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ–ის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობას უხდის.
როგორც ტრამპის წერილშია აღნიშნული, დამოუკიდებლობის დღე ამერიკელი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს.
ამასთან, ტრამპი წერილში აღნიშნავს: “სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.
“ბატონო პრემიერ–მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ რა დამოუკიდებლობის 250-ე წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში.
გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, _ აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის წერილს პოზიტიურად ვაფასებთ – ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო, ძალიან მარტივად შევცვალოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ქართული მხარე მზადაა მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის.
„რა თქმა უნდა, აღნიშნულ წერილს პოზიტიურად ვაფასებთ. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალე ვართ. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს ის სანქციები, რომელიც იქნა დაწესებული ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე. სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ეს იყო უბრალოდ შანტაჟის და მუქარისთვის გაკეთებული. ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო, ძალიან მარტივად შევცვალოთ. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის და როგორც ამერიკელი, ასევე, ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული,“ – განაცხადა კალაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი აღნიშნულ გზავნილს პარტნიორობის გაღრმავების ნიშნად მიიჩნევს, ოპოზიციურ სპექტრში მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი, დიპლომატიური შაბლონია, რომელსაც აშშ ყველა მილოცვის საპასუხოდ გზავნის.
“ტრამპის ეს წერილი, პირველ რიგში, ჩვეულებრივი დიპლომატიური პროტოკოლის ფარგლებში გაგზავნილი საპასუხო კორესპონდენციაა. მსგავსი წერილები არ წარმოადგენს არც პოლიტიკური კურსის ცვლილების და არც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების “გადატვირთვის” მტკიცებულებას.
თუ მართლაც ვსაუბრობთ საქართველო–ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ამას სიტყვებით კი არა, კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯებით, ოფიციალური შეხვედრებით, მაღალი დონის თანამშრომლობითა და სტრატეგიული გადაწყვეტილებებით უნდა ვხედავდეთ.
სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ცდილობს ნებისმიერი დიპლომატიური თავაზიანობა საკუთარ პოლიტიკურ გამარჯვებად გაასაღოს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ შეიძლება. ერთი პროტოკოლური წერილი ვერ გადაფარავს იმ რეალობას, რომ ბოლო წლებში საქართველოს ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გაუარესდა“, _ ამბობს პარტია “ახალის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერი ბაჩო ახალაძე ჩვენთან საუბრისას.
მსგავსი მოსაზრება აქვთ პარტიაში “გახარია საქართველოსთვის” _ პარლამენტის წევრმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მცდელობა, პროტოკოლური წერილი ურთიერთობების გადატვირთვად წარმოაჩინოს, მთავარი პრობლემაა:
“ასეთი პროტოკოლურ და შაბლონურ წერილებს იღებს ყველა ქვეყანა, ვინც თავის მხრივ ულოცავს შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს. ირაკლი კობახიძეს საიმისოდ რომ აქვს საქმე, ეს რაღაცა შიდა მოხმარებისთვის გამოიყენოს და თითქოს რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობების გადატვირთვას აქვს ადგილი, აი ეს არის მთავარი პრობლემა. თუ “ოცნებას” სურს ქართველ ხალხს დაანახოს დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების გადატვირთვის და გაუმჯობესების ნაბიჯები, თავად უნდა თქვას უარი ძალადობაზე, ავტოკრატიაზე და დაუბრუნდეს იმ ვალდებულებებს რაც აღებული აქვს ევროკავშირის წინაშე. სასაცილო დღეშია “ოცნება“. არ მეგულება სხვა ქვეყანა, ვინც ამ შაბლონურ წერილს იყენებს განსაკუთრებული აგიტაციისთვის“.
პოლიტიკური პროცესების შეფასებისას ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, “ძლიერი საქართველო-ლელოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა ჯანაშია “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ წერილი შეიცავს როგორც პროტოკოლურ, ისე პოლიტიკურ სიგნალებს, თუმცა, ვაშინგტონთან ურთიერთობის დალაგება “ქართულ ოცნებას” გარკვეულ დათმობებად დაუჯდება:
“ერთიც არის და მეორეც. პროტოკოლურია იმ გაგებით, რომ ამერიკას ყოველთვის ჰქონდა და აქვს სურვილი, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანასთან და ცდილობს დაალაგოს ეს ურთიერთობები. მეორე მხრივ, ის იმედგაცრუებულია “ქართული ოცნების” პოლიტიკით. “ქართული ოცნება” “იკატუნებს” თავს, თითქოს ყველა ცუდი რამ მოხდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. ამერიკას სურს, საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები ფუნდამენტურად მყარი იქნება. ამ შემთხვევაში ეს წერილი არ ნიშნავს, რომ “მე ურთიერთობა მინდა აღვადგინო საქართველოსთან“, არამედ იმას, რომ იქნება გარკვეული პირობები.
“ქართულმა ოცნება“, ჩათვალეთ, რომ ევროპასთან ვაბანკზე წავიდა და იბრძოლა, რომ საკუთარი პრინციპები გაეტანა, მაგრამ ამერიკასთან ურთიერთობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ევროპასთან. ჭირვეული ბავშვის პოლიტიკა ამერიკასთან არ გაჭრის და ივანიშვილის ხელისუფლებას გარკვეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასთან და იმ დროს არსებულ სიტუაციასთან. მერწმუნეთ, ამერიკის მთავრობა ბევრ რაღაცას შეცვლის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ საპარლამენტო არჩევნების წინ“, _ ამბობს ჯანაშია.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, დონალდ ტრამპის “ერთი პროტოკოლური წერილით” ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არ და ვერ გადაიტვირთება _ მისი თქმით, ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ოპონენტების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და იმ საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელსაც ექნება სრული ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან:
“დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება ის დაზიანებული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რომელიც გამოიწვია ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ, ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა. ცხადია, იმედგაცრუება რომელიც არსებობს შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში არ გამქრალა, ამ ურთიერთობების გადატვირთვას, პირველ რიგში, სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ოპონენტების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და იმ საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელსაც ექნება სრული ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამ ნაბიჯებს არათუ არ დგამს “ქართული ოცნება“, არამედ აფართოებს რეპრესიებს. ამიტომ არ მგონია, რაიმე შედეგი მოჰყვეს ამ წერილს ან იმ განცხადებებს, რომლებსაც აკეთებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები“, _ განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ავტორი




































































