ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას გია ანთაძე შეასრულებს. ინფორმაცია ამის შესახებ ოზურგეთის მერიის გვერდზე ვრცელდება.
ოფიციალური ინფორმაციით, გია ანთაძე მერიის თანამშრომლებს და საკრებულოს წევრებს, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ წარუდგინეს.
გია ანთაძე ამ დრომდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთმა მოადგილემ, დღეს „გურია ნიუსთან” საუბრის დროს თქვა, რომ გია ანთაძემ დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ საღამოს დაწერა.
„არავის მსგავსი წინადადებით ჩემთვის არავის მოუმართავს _ არ ვადასტურებ თქვენს მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას. ვარ ჩემს თანამდებობაზე და ვასრულებ ჩემს საქმიანობას”, _ ასეთი კომენტარი გააკეთა გია ანთაძემ 15 აგვისტოს „გურია ნიუსთან” საუბრის დროს. მედიით და ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გია ანთაძე ბიზნესმენების ვანო ჩხარტიშვილის და ბეგი სიორიძეს კადრია.




































































