„ეს არ აისახება არც ხარისხზე და არც კორუფციაზე“, – ასე აფასებს იურისტი ბადრი ნიაური „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც „შავ სიაში“ მოხვედრილ რიგ მეწარმეებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა 2 წლით აეკრძალებათ.
როგორც მან რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, ეს მხოლოდ აღნიშნულ სიაში მოხვედრილი კომპანიების რაოდენობას გაზრდის, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს ორგანო, რომელიც სახელმწიფოს მიერ კომპანიებთან შეწყვეტილი კონტრაქტების სამართლიანობას შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მოქმედი კანონით, „შავ სიაში“ მოხვედრა ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო კონტრაქტებზე დაშვების უფლების შეზღუდვას გულისხმობდა.
ამ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვა ერთი წლიდან ორ წლამდე იზრდება და ეს შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს, არამედ მის დამფუძნებლებსა და პარტნიორებზეც.
„კომპანიები, რა თქმა უნდა, სარგებლობდნენ სახელმწიფოს „იაფი ფულით“, სერვისებით, მაგრამ ახალი მოგებული პროექტის ხარჯზე ასრულებდნენ ძველ პროექტებს და გარკვეული პირამიდა ჰქონდათ აწყობილი. ბუნებრივია, სადღაც ეს პირამიდა წყდება და ასეთი კომპანიები „შავ სიაში“ უნდა აღმოჩნდნენ, მაგრამ…
როდესაც სახელმწიფო თვითნებურად წყვეტს ხელშეკრულებას – სად არის ორგანო, რომელიც დაადგენს, სწორად შეწყვიტა თუ არა სახელმწიფომ ეს ხელშეკრულება? ეს არ არის სასამართლო, ეს არ არის დავების საბჭო, ეს არ არის თავად შემსყიდველი, ეს არ არის საარბიტრაჟო სასამართლო, ეს არ არის სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური, ეს არ არის პროკურატურა და ეს არ არის რაიმე მორალური თუ ბუნებრივი სამართლით შექმნილი ინსტიტუცია ბიზნესებს შორის.
ძალიან ბევრი „ქეისია“, რომელიც საჯაროდ დევს. სახელმწიფო წყვეტს ხელშეკრულებას ისე, რომ კომპანიებს უშვებს „შავ სიაში“ და აი, აქ იწყება ის ორომტრიალი და ბორბალი, სადაც სასამართლო ამართლებს ბიზნესებს, მაგრამ სამი წლის შემდეგ ეს ბიზნესი უკვე მკვდარია – მას აქვს ბევრი გადასახადი და ასეთი მოგებული „ქეისი“ მას აღარ სჭირდება.სახელმწიფოს ფუნქცია არის ადმინისტრირება, მაგრამ ის არ უნდა იყოს მოძალადე, მათ შორის, მას შემდეგაც, რაც ხელშეკრულება გაფორმდება. სულ 400 კომპანია გვყავს ასეთი [„შავ სიაში“]. ეს რაოდენობა რეგისტრირებული კომპანიების 0.6%-ია. ანუ, თუ კანონს ვამკაცრებთ და სანქციას ერთი წლის ნაცვლად ორწლიანს ვხდით, მივიღებთ კომპანიების 1.2%-ს „შავ სიაში“. და, შედეგი რა იქნება? შედეგი იქნება – ნული.
შედეგი იქნება ის, რომ ეს არ აისახება არც ხარისხზე და არც კორუფციაზე. აქ მთავარი არის სახელმწიფო კონტროლი – გზადაგზა აკონტროლოს ხარისხი და გეგმა-გრაფიკი იმ სამუშაოებისა, რომლებსაც უკვეთავს. სახლში რემონტი ხომ გაგვიკეთებია, რაიმე ხომ გვიყიდია მარკეტში – ზუსტად იგივეა, უბრალოდ, განსხვავება მასშტაბებში, ფასსა და ღირებულებაშია.
როდესაც სახელმწიფო 12-15 ცვლილებას ახდენს ხელშეკრულებაში და შემდეგ უკვე დარჩენილ 5%-ზე წყვეტს ხელშეკრულებას, იწყება დაჯარიმება და ჯარიმის ოდენობა აღწევს სახელშეკრულებო ღირებულების 20-30%-ს, მაპატიეთ უტრირებისთვის, მაგრამ ამას ის დრო სჯობდა, როდესაც პროკურატურა პირდაპირ ეძახდა ბიზნესს და ეუბნებოდა – უნდა მოიტანო მილიონი და მორჩა. იმიტომ, რომ ზუსტად იგივე სცენარია იმ განსხვავებით, რომ პროკურატურა აღარ ეძახის, მაგრამ ფინანსური წნეხი იმდენად დიდია, რომ კომპანიას პრაქტიკულად, უწევს დახუროს კომპანია და ელოდოს სამართალდამცავების თავდასხმას“, – ამბობს ბადრი ნიაური.
წყარო: bpn.ge

































































