ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომისუბანი ერთადერთი სოფელი არ არის, სადაც ფაროსანამ ხეხილი გაანადგურა, ყველაფერზე მეტად _ თხილი. თხილი კი, გურიაში წლებია, ოჯახის მარჩენალ კულტურად ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანა მოსავლის დიდი მტერია, გურიაში მასზე ხუმრობითაც საუბრობენ.
“პირველ რიგში, ფაროსანას უყვარს თხილი, მსხალი, მუშმალა, ვაშლი, ატამი, რომელიც მთლიანად გაანადგურა. არ უყვარს ტყემალი იმიტომ, რომ მჟავეა. ვიღაცას ეგონება ვხუმრობ, მაგრამ ნამდვილად სიმართლეს ვამბობ. სოფელში ვერაფერი გავახარე. ძალიან მძიმე მდგომარეობაა _ არაფერი შველის ფაროსანას“, _ გვითხრა სოფელ შრომისუბნის მკვიდრმა.
“გურია ნიუსის” ფეისბუქზე ამ თემას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
“ხალხო, ჩვენ ვხუმრობთ, მაგრამ ეს ისეთი ჭირია, მისი მოშორება ადვილი არ არის _ ამას სერიოზული მიდგომა სჭირდება. ამაზე უნდა ამახვილებდეს მთავრობა დიდ ყურადღებას, ისე კი არა, სხვათა შორის რომ აფრქვევენ “სალიარკას” და აზიანებენ მცენარეებს! თურქეთმა მოსპო ეს მწერი ისე, რომ ხალხი არ დაუზარალებია. ჩვენ კი, პირიქით, ისეთი პრეპარატი შემოგვიგზავნა, რამაც დიდი ზარალი მოგვაყენა. მოგვისპო როგორც თხილი, მსხმოიარე ხეხილი და გაგვინადგურა ფუტკარი. ეს ყველაფერი გამოიწვია დაუდევრობამ და უყურადღებობამ. უნდა ავმოქმედდეთ და მოვითხოვოთ ის, რაც დასაშვებია!”
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ლაბორატორიის სპეციალისტებმა აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის _ იაპონური ქინქლას (Trissolcus japonicus) _ საველე პირობებში გამოცდა დაიწყეს.
370 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები არ ტარდება, 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს. სპეციალისტები მუდმივ რეჟიმში დააკვირდებიან, როგორც მწერის გავრცელებას, ისე მის გავლენას ფაროსანას პოპულაციაზე, _ ეს ინფორმაცია გასული კვირაში გავრცელდა ქართულ მედიაში.
“გურია ნიუსი” სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის უფროსს მანანა ერქომაიშვილს დაუკავშირდა. კითხვაზე _ გაუშვეს თუ არა იაპონური ქინქლა გურიაშიც, ერქომაიშვილი გვპასუხობს, რომ რეგიონულ სამსახურს აღნიშნულ პროცესში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია:
“ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. კვლევები ანასეულში მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, ქინქლა გურიაშიც გაუშვეს, თუმცა, ამ პროცესში უშუალოდ არ ვმონაწილეობდით“, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო უპრეცედენტოდ მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს.
“იაპონური ქინქლა ამ მიმართულებით ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული ბიოლოგიური აგენტია, თუმცა, მისი ეფექტიანობისა და ფაროსანას პოპულაციის მართვის შესაძლებლობის შესაფასებლად, გრძელვადიანი დაკვირვებაა საჭირო. ამ პროცესს დღეს მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში სწავლობენ“, _ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია.
ამ ეტაპზე არავინ იცის, უშველის თუ არა გლეხი კაცის სადარდებელს ქინქლა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ადგილობრივები კი “რაღაცის იმედად” არიან და სოფელში მისულ ჟურნალისტებს ჩვეული იუმორით ეგებებიან.
ავტორი

































































