ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ „გურია ნიუსის“ მიერ გაგზავნილ ოფიციალურ საჯარო მოთხოვნას უპასუხა, რომელიც სპორტული მიმართულების ა(ა)იპ-ების დაგეგმილ რეორგანიზაციასა და საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციას ეხებოდა.
გამოცემა ინტერესდებოდა, თუ რომელი უწყებების ან რამდენი თანამშრომლის გათავისუფლების ხარჯზე გეგმავს მუნიციპალიტეტი მერის მიერ დაანონსებული 200 000 ლარის დაზოგვას.
ჩოხატაურის მერის, მინდია ჟღერიას მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში იურიდიული პირების რეორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გახორციელებულა.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეორგანიზაცია ან ახალი ორგანიზაციის დაფუძნება არ განხორციელებულა“, _ ნათქვამია მერიის ოფიციალურ პასუხში.
მერიის ამ პასუხის პარალელურად, არსებობს განკარგულების პროექტი _ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეორგანიზაციის (შერწყმა) გახორციელებაზე მუნიციპალიტეტის მერიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, რომელიც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე 23 აპრილს განიხილეს.
მერის მიერ საკებულოსთვის გაგზავნილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, იგეგმება სამი ა(ა)იპ-ის ერთიან სტრუქტურაში გაერთიანება. ესენია _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ბახმარო“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ლელოს და რაგბის კლუბი „ჯანი და ღონე“.
აღნიშნულ დოკუმენტში რეორგანიზაციის მიზნად დასახელებულია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაცია და ფინანსური რესურსების ერთ ორგანიზაციაში კონცენტრირება. განმარტებით ბარათში მერი მიუთითებს კონკრეტულ ფინანსურ მაჩვენებელზეც: „ზემოთ აღნიშნული რეორგანიზაციის გახორციელების შედეგად, მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაახლოებით 200 000 ლარის ეკონომია იქნება მიღწეული“.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ავტორი და მომხსენებელია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თეა უჯმაჯურიძე.
ბიუროს სხდომის ოქმის თანახმად, საკრებულოს წევრმა მარიტა მგალობლიშვილმა წინადადებით მიმართა ბიუროს, რომ საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენამდე, მათ შორის საშტატო ნუსხისა და წესდების სამუშაო ვერსიების მომზადებამდე. თუმცა, ღია კენჭისყრაზე მერიისთვის თანხმობის მიცემას ბიუროს 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
მიუხედავად ბიუროს გადაწყვეტილებისა, რეფორმა საკრებულოს დიდ სხდომაზე კენჭისყრაზე ამ ეტაპზე არ გასულა. საკრებულოს კომისიებში წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოითქვა. კულუარული ინფორმაციით, რეორგანიზაციის ზუსტი სტრუქტურა, თუ რა ფორმით მოხდება გაერთიანება, საბოლოოდ დაზუსტებული არ არის და მერია განახლებულ ვარიანტს უახლოეს კვირეებში წარადგენს.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ უკვე დაუკავშირდა რაგბის კლუბ „ჯანის“ ხელმძღვანელობას. კლუბში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიუხედავად, მათი სამუშაო პროცესი არ შეფერხდება და ისინი ცალკე სექტორად რჩებიან. კლუბის განმარტებით, მათ შტატების შემცირება არ შეეხებათ, ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს ადგილს და გუნდს თბილისიდან განვითარების ჯგუფის ორი ლიცენზირებული კადრიც ემატება.
რაც შეეხება რეორგანიზაციის გეგმაში არსებულ კიდევ სპორტულ სუბიექტს _ საფეხბურთო კლუბ „ბახმაროს“, „გურია ნიუსი“ უკვე დაუკავშირდა მათ ადმინისტრაციას, თუმცა პასუხი იმის გასარკვევად, თუ რა ინფორმაციას ფლობს გუნდი დაგეგმილ ცვლილებებზე და როგორ აფასებენ ა(ა)იპ-ების გაერთიანების პროექტს, ჯერ არ მიგვიღია და მიღების შემთხვევაშივე შემოგთავაზებთ.
„გურია ნიუსი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და მკითხველს მიაწვდის ინფორმაციას საკრებულოს კომისიებში განახლებული პროექტის განხილვის პროგრესის შესახებ.
ავტორი
































































